პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსმა, მერიის ნებართვით, 15 ივნისის აქციის ბანერები გამოფინა

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, რამდენიმე დღეა, პატრიოტთა ალიანსის ბანერები გამოჩნდა. 

"15 ივნისს, დღის 4 საათზე დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველის პატრიოტთა ალიანსი გიწვევთ საგანგებო შეკრებაზე, თავისუფლების მოედანზე",- წერია ბანერებზე. 

როგორც პარტიის ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, აქციის მიზანი იქნება "დავით გარეჯის დაცვა", სამხედრო მიუმხრობლობა, "როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთოების გარანტი", სააკაშვილ-ბოკერიების დასჯა და "სამართლიანობის აღდგენა", ოჯახური ბიზნესის ხელშეწყობა და სიღატაკესთან ბრძოლა. 

ტაბულას დედაქალაქის მერიაში უთხრეს, რომ პარტიამ მერიას საინფორმაციო ბანერების განთავსების მოთხოვნით 30 მაისს მიმართა. 

"არქიტექტურის სამსახურმა განიხილა საკითხი და ვინაიდან, მოთხოვნილ მისამართებზე დროებითი ბანერების განთავსება ქალაქის იერსახის დამახინჯებას არ იწვევს, (როგორც სხვა პოლიტიკური ჯგუფების შემთხვევაში, მაგ.- ალ. ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" მთაწმინდის შუალედური არჩევნები) სამსახურმა მითითებულ მისამართებზე ბანერების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გამოხატა",- ამბობენ მერიაში. 

კითხვაზე, ელისაშვილის მსგავსად, შალვა შავგულიძის საარჩევნო ბანერებიც თუ ამახინჯებდა იერსახეს და ვინ მიიღო მათი ჩამოხსნის გადაწყვეტილება, მერიაში თქვეს, რომ საკითხი ძველ თბილისს ეხება და შავგულიძის შემთხვევაში გადაწყვეტილება მემკვიდრეობის საბჭომ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში, ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის ბანერები თბილისის ცენტრის ქუჩებიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოხსნა. ბლოკის წევრებმა მერიის ზედამხედველობის ამ ფაქტს მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის  დისკრიმინაციად შეაფასეს. ბანერების ჩამოხსნის შესახებ ოპოზიციის შეფასებას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ რეაგირება მოახდინა, რადგან ბანერების გაკვრის უფლება არ ჰქონდათ. 

კომენტარები