რუსეთი

რუსეთი Tinder-ისგან მომხმარებლის ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოებისთვის გაზიარებას ითხოვს

NBC

რუსეთის ცენზურის სახელმწიფო ორგანომ როსკომნადზორმა 3 ივნისს პაემნების ყველაზე ცნობილი აპლიკაცია Tinder “ინფორმაციის გამავრცელებელთა” სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან Tinder ვალდებული იქნება, მომხმარებელთა კორესპონდენცია 6 თვის მანძილზე შეინახოს და მონაცემები სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს, თუ ისინი ამას მოითხოვენ.

რუსეთში 2016 წელს მიღებული კანონით, სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულნი არიან, მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია რუსეთში არსებულ სერვერებზე შეინახონ და მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოებს გაუზიარონ.

ამიერიდან Tinder-ს მოეთხოვება, FSB-ს და სხვა ორგანოებს მიაწოდოს რუსი მომხმარებლის პირადი მიმოწერა, აუდიო, ვიდეო და სხვა სახის ინფორმაცია.

რუსეთში ყველაზე დიდი პაემნების აპლიკაცია Badoo და კიდევ ორი სხვა ამგვარი აპლიკაცია, უკვე ვალდებულნი არიან, თავიანთი რუსი მომხმარებლების ინფორმაცია რუსეთში არსებულ სერვერებზე შეინახონ.

ამ ეტაპზე რუსეთს მონაცემთა შესახებ დაწესებული წესების შესრულებისთვის ბერკეტად ჯარიმები აქვს, რომლებიც, როგორც წესი, მცირე მოცულობისაა. კიდევ ერთი გზა ონლაინ სერვისების დაბლოკვაა.

რუსეთის სახელმწიფო ცენზურას როსკომნადზორი ამჟამად 175 ვებ-გვერდი ჰყავს შეყვანილი „ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზაციების“ სიაში. მათ შორის ერთერთი ყველაზე ცნობილი Telegram-ის აპლიკაციაა. გასულ წელს რუსეთმა მისი აკრძალვა მოითხოვა მას შემდეგ, რაც კომპანიამ უარი განუცხადა ინფორმაციის გაზიარებაზე. 2018 წლის 16 აპრილიდან მთავრობა მის დაბლოკვას უშედეგოდ ცდილობს.

კომენტარები