თბილისის სასულიერო აკადემია

მამა ბიძინა ბარნოვზე: არ გათავისუფლებულა, თუმცა მის განცხადებებზე აკადემიის საბჭო მსჯელობს

მამა ბიძინა (გუნია) ამბობს, რომ თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორი გოჩა ბარნოვი ჯერჯერობით კვლავაც იკავებს აკადემიაში ლექტორის პოსტს და იგი არ გაუთავისუფლებიათ. თუმცა, სასულიერო პირი ადასტურებს, რომ აკადემიურ საბჭოზე ბარნოვის საკითხის დაყენება სწორედ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. 

ამის შესახებ მამა ბიძინა (გუნია) კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს.

"საბჭომ განიხილა ეს საკითხი და შეიქმნა საბჭოს შემადგენლობიდან 5-კაციანი კომისია, რომელიც გაესაუბრება ბატონ გოჩას. არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბატონი გოჩა გაათავისუფლეს სასულიერო აკადემიიდან. თითქოს, მას შეუწყვიტეს ლექტორობა და ა.შ. ორშაბათს, თუ ინებებს, რა თქმა უნდა, ბატონი გოჩა და არის ამაზე, რა თქმა უნდა, გარკვეული წინაპირობა, 5-კაციანი ჯგუფი შეხვდება, გაესაუბრება მას და ამის შემდეგ უკვე მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუმცა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საბჭოზე მოსმენილი ეს და სხვა ინფორმაცია, რომელიც დღეს ბოლომდე აღარ წავიკითხე, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად იყო შეფასებული საბჭოს წევრების მხრიდან, რომელთა შემადგენლობაშიც არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, სხვა ცნობილი პროფესორები. ველოდებით ორშაბათს და ბატონი გოჩას პოზიციას," - ამბობს მამა ბიძინა ინტერვიუში. 

მისივე თქმით, გოჩა ბარნოვის განცხადებები არაერთხელ გამხდარა აკადემიურ საბჭოზე განხილვის საკითხი და მას "სიტყვიერად სთხოვეს, რომ მსგავსი არაკორექტული და თვითნებური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა". 

ეს მისი ნება არის. მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო მისი განცხადებებით მან რაღაც ზღვარი გადალახა, რომლის განმარტებასაც მოელის საბჭოს კომისია. ბატონი გოჩა ბარნოვი თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორია. იგი არავის არ გაუთავისუფლებია. საბჭოზე გამოითქვა უარყოფითი პოზიცია მისი განცხადებების გამო. თვითონ არ იმყოფებოდა საბჭოზე, თუმცა იყო მოწვეული საბჭოზე. ორშაბათს მან განაცხადა, რომ შეუძლია, შეგვხვდეს. ჩვენ დაველოდებით ორშაბათს, დაველოდებით მისი პოზიციის გაჟღერებას," - ამბობს მამა ბიძინა. 

თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორმა, გოჩა ბარნოვმა, გუშინ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ მას აკადემიაში ლექციები შეუჩერეს იმ საბაბით, რომ პატრიარქის მტერია. 

გოჩა ბარნოვის განცხადება ეკლესიის უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ, რომელზეც მამა ბიძინა ლაპარაკობს, 8 იანვარს IPN-ზე გამოქვეყნდა:

"საქართველოს პოზიციას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც არცერთი სხვა ეკლესიის პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი იყო კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება. კონსტანტინოპოლმა მიიღო გადაწყვეტილება და თავისმიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია. ეს არის ფაქტი. ნორმალური ადამიანებისთვის - სასიხარულო, არანორმალური ადამიანებისთვის კი - სამწუხარო. ყველა ნორმალური ადამიანი და საღ აზრზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელნელა დაიწყებს აღიარებას იმ გაგებით, რომ უკრაინის ეკლესიის მეთაურს, ეპიფანეს, უკვე მოიხსენიებენ ევქარისტიული მსახურების დროს. საქართველოს ეკლესიას მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება დღეს თუ არა ხვალ, უბრალოდ, რაც უფრო მალე მოხდება ეს, უკეთესია. სამწუხაროდ, ამას არ აკეთებენ და როგორც ეტყობა, ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ. საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც, თავისი პოზიციით პრორუსულია და აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს. მე იმასაც ვშიშობ, რომ თავად რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია."

კომენტარები