აშშ-სირია

დონალდ ტრამპს სირიიდან ამერიკული ჯარი გამოჰყავს [Video]

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე გაავრცელა ვიდეო წარწერით: "ISIS-ის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, დროა ჩვენი დიდებული ხალხი სახლში დავაბრუნოთ!" 

"ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით სირიაში. თითქმის ორი წელია პრეზიდენტი ვარ, ჩვენ გავაძლიერეთ ბრძოლა და ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ. ჩვენ ისინი სასტიკად დავამარცხეთ და ტერიტორიები წავართვით. ახლა დროა ჩვენი ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ. ძალიან მამწუხრებს, როდესაც მიწევს მივწერო წერილები ან დავურეკო იმ ჯარისკაცების მშობლებს, ცოლებს და ქმრებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის ბრძოლისას მოკლეს. ეს დიდი პატივია, ჩვენ მათ ვაფასებთ, მაგრამ გულის მომკვლელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ახლა ჩვენ გავიმარჯვეთ. დროა დაბრუნდნენ. ისინი უკვე ემზადებიან და თქვენ მათ მალე იხილავთ. ისინი დიდებული ამერიკელი გმირები არიან. ისინი მსოფლიოს გმირებიც არიან, რადგან ისინი ჩვენთვის იბრძოდნენ, მაგრამ დაამარცხეს ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს აზიანებდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს გავაკეთეთ. ისინი ზეცაში არიან და გვიყურებენ და მათზე ბედნიერი და ამაყი არავინ არის, რომ აღმოჩდნენ ისეთ პოზიციაში, როდესაც ასეთი დიდი საქმე გააკეთეს ამდენი ადამიანისათვის. ჩვენი ბიჭები, ჩენი ახალგაზრდა ქალები, ჩვენი კაცები, ყველა ბრუნდებიან, ბრუნდებიან ახლა, ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ასე გვსურდა და მათაც ასე ენდომებოდათ." ამბობს ტრამპი ვიდეოში.

ტრამპის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკის სრულად გამოსვლა რეგიონში რუსეთისა და ირანის გავლენას გააძლიერებს. ორივე ქვეყანა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.

"ასეთ დროს აშშ-ის გამოსვლა იქნება დიდი გამარჯვება ISIS-ის, ბაშარ ალ-ასადის და რუსეთისათვის." ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.

გარდა ამისა, რეგიონის დატოვების შემთხვევაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახლა გამოჩენის შემთხვევაში აშშ-ს შესაბამისი ბერკეტები არ ექნება. ამერიკული ჯარები გასვლა პრობლემას შეუქმნის ქურთული და არაბული დანაყოფებით დაკომპლექტებულ სირიის დემოკრატიულ ძალებსაც. აშშ-ის მოკავშირეებს საფრთხე არა მხოლოდ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, არამედ თურქეთის მიერ დაანონსებული ახალი სამხედრო ოპერაციისგანაც ემუქრებათ.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის მოკავშირეებისგანაც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი არ იზიარებს ტრამპის პოზიციას, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო უკვე დაამარცხეს. ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი შეისწავლის ამ გადაწყვეტილებას და საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ სირიიდან აშშ-ის გასვლა კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შანსებს ზრდის.

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად როდის დაიწყება და როდის დასრულდება სირიიდან აშშ-ის ჯარის გამოსვლა. ჯერ-ჯერობით ერაყში კვლავ რჩება აშშ-ის 5,200-მდე ჯარისკაცი.

კომენტარები