აზარტული თამაშები

მთავრობამ შესაძლოა 170 ათას საქართველოს მოქალაქეს აზარტული თამაშები აუკრძალოს

Reuters

საქართველოს მთავრობამ საქართველოს დაახლოებით 170,000 მოქალაქეს აზარტული თამაშის უფლება შეიძლება შეიძლება აუკრძალოს. შესაბამისი ცვლილება ფინანსთა სამინისტროში უკვე მომზადებულია, თუმცა მისი პარლამენტისთვის წარდგენის გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა. საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშის მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 21 წლიდან 25 წლამდე ზრდის, ამ ასაკობრივი ჯგუფის შემადგენლობა დაახლოებით 170,000-ია.

აქამდე მოქმედი კანონის მიხედვით, 18 წლის პირებს შეეძლოთ ონლაინკაზინოში თამაში, ასევე სათამაშო აპარატების სალონსა და ტოტალიზატორებში შესვლა. სამორინეში თამაშზე კი 21 წლიანი ცენზი იყო დაწესებული.

ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, ათიათასობით მოქალაქე, ვინც პერიოდულად სტუმრობს კაზინოებსა და ონლაინკაზიოენს ამის შესაძლებლობას დაკარგავს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ქართული ონლაინსამორინეს უცხოური ონლაინსამორინეთი ჩანაცვლება საკმაოდ მარტივია. იმ პირობებშიც კი თუ მთავრობა უცხოურ ვებგვერდებს დაბლოკავს, VPN-ის გამოყენებით მათი მოხმარება კვლავ იქნება შესაძლებელი. 

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აზარტული თამაშების მინიმალური ასაკობრივი ცენზი ძირითადად 18-21 წლებია. ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში ასაკობრივი ცენზი ასეთია: საფრანგეთი - 18 წელი; საბერძნეთი - 21 წელი; გერმანია - 18 წელი; იტალია - 18 წელი; ესპანეთი - 18 წელი; დიდი ბრიტანეთი - 18 წელი; პოლონეთი - 18 წელი; ნიდერლანდები - 18 წელი; დანია - 18 წელი; პორტუგალია 18 წელი; შვეიცარია - 18 წელი.

რა ზომისაა საქართველოს სათამაშო ინდუსტრია?

სათამაშო ბიზნესი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან და სწრაფად მზარდ ნაწილად იქცა. ინტერნეტისა და სმარტფონების გავრცელების ფონზე კი აზარტულ თამაშებთან მოსახლეობის წვდომა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს აზარტული თამაშების სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 4.3 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ამ 4.3 მილიარდი ლარიდან ტოტალიზატორებზე 850 მილიონი ლარი მოდის.

აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა ყველაზე მეტად 2015 წელს გაიზარდა. 2014-ში სექტორის მოცულობა 2.1 მილიარდი ლარი იყო, 2015-ში კი მან 3.7 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 76%-იან ზრდას ნიშნავს. 2016 წელს სექტორის ბრუნვა 16%-ით გაიზარდა. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სათამაშო ბიზნესი დაახლოებით 6 ათას ადამიანს ასაქმებს.

კომენტარები