თრუსოს ხეობაში ტურისტები არიან ჩარჩენილი.
როგორც ინტერპრესნიუსს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა უთხრა, ხეობაში ტურისტები დაახლოებით 10 ავტომობილით იმყოფებიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისივე განმარტებით, ხეობაში ტურისტების ჩარჩენის მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად მთიდან ნაშალი მასალის ჩამოშლა და ხიდის დაზიანებაა.
როგორც ზაგაშვილმა ინტერპრესნიუსს უთხრა, ხეობაში სამაშველო ტექნიკა უკვე შესულია და წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა და უხვმა ნალექმა გადაადგილების შეფერხება გამოიწვია, თუმცა ამჟამად გზებზე მოძრაობა აღდგენილია. ეს ავტომობილები გზის გაწმენდით სამუშაოებს ელოდებოდნენ და უახლოეს მომავალში ხეობიდან გამოვლენ. ამჟამად ჩვენი რწმუნებულია იქ შესული, მასთან კონტაქტი შეუძლებელია, რადგან სატელეფონო ხაზი არ იჭერს. უახლოეს მომავალში ეს ადამიანები ხეობიდან გამოვლენ“, - უთხრა ალექსანდრე ზაგაშვილმა ინტერპრესნიუსს.





