მედიცინა

ჰაერის მცირე დაბინძურებაც კი გულის სტრუქტურის ცვლილებას იწვევს

ჟურნალ Circulation-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის მცირე დაბინძურებაც კი გულის აგებულების ისეთ ცვლილებას იწვევს, რომელიც გულის უკმარისობის ადრეულ სტადიას ახასიათებს. 

კვლევა 4000 ადამიანზე ჩატარდა. მათი ცხოვრების სტილის, ავადმყოფობის ისტორიის და საცხოვრებელი გარემოს დეტალური შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა მათი გული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით გამოიკვლიეს. ისინი, ვინც ხმაურიანი, გადატვირთული გზების მახლობლად ცხოვრობდნენ და დაუცველები იყვნენ აზოტის დიოქსიდის და PM 2.5-ის (ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკები, რომელთა სიგანე ნახევარ მიკრონს არ აღემატება) ზემოქმედების მიმართ, გულის მარჯვენა და მარცხენა პარკუჭები გაფართოებული ჰქონდათ. ერთ კუბურ მეტრში აზოტის დიოქსიდის 10 მიკროგრამით და PM2.5-ს ერთი მიკგროგრამით მომატებისას გულის პარკუჭების ზომა 1%-ით იზრდება.

პარკუჭები სისხლის ამოტუმბვისთვისაა მნიშვნელოვანი, ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მთელ ორგანიზმს სწორედ პარკუჭების შეკუმშვის შედეგად მიეწოდება. კვლევის მონაწილეები ჯანმრთელები იყვნენ და სიმპტომები არ ჰქონდათ, თუმცა პარკუჭების გაფართოება გულის უკმარისობის ადრეული სტადიის ნიშანია.

მკვლევრების თქმით, ჰაერის დაბინძურება უნდა აღვიქვათ, როგორც გულის უკმარისობის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი. ამიტომ ექიმებმა და ფართო საზოგადოებამ, გულის უსაფრთხოებაზე ფიქრისას ყურადღება უნდა მიაქციოს ჰაერის დაბინძურებას, ისევე როგორც არტერიულ წნევას, ქოლესტერინს და წონას.

ბრიტანეთის გულის ასოციაციამ განაცხადა, რომ ამ აღმოჩებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა იმუშაოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

კომენტარები