ზალკალიანი: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ჟენევის ფორმატს საფრთხეს არ უქმნის

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" ჟენევის ფორმატს არავითარ საფრთხეს არ უქმნის. 

დავით ზალკალიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყების განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ ეს სია საქართველოს მთავრობის დესტრუქციული ქმედებაა. 

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ჟენევის ფორმატს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ჟენევის ფორმატს ხელს უშლის ის დესტრუქციული ქმედებები, რომელიც ხდება მოლაპარაკების დროს, კერძოდ რუსეთის მხრიდან და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მხრიდან. უამრავი მცდელობა ფორმატის ცვლილებისა არის სწორედ ის, რაც საფრთხეს უქმნის ჟენევის ფორმატს. აღნიშნული სია არის მიმართული იმ უკანონობის აღმოსაფხვრელად, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ ადამიანის უფლებათა კუთხით და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის თვალსაზრისით", - თქვა ზალკალიანმა. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" 33 პირის შეყვანის ფაქტზე განცხადება დღეს გაავრცელა, მას დესტრუქციული უწოდა და პასუხისმგებლობა ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლაზე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს დააკისრა. 

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის დესტრუქციული ქმედებებით, რომელსაც პროვოკაციული ხასიათი აქვს და შეუძლია სრულიად გაანადგუროს ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღწეული შედეგები. ქართულმა მხარემ ყოველგვარი ობიექტური საფუძველის გარეშე ბრალი წაუყენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ისინი "შავ სიაში“ შეიყვანა, რაც საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

საქართველოს მთავრობამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია გუშინ გამოაქვეყნა. ის 33 პირისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ სიაში არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გულისხმობს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მცხოვრებთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ. 

სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები