შოთაძე მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობაზე: მე არაფერს არ გამოვრიცხავ

ირაკლი შოთაძე
pog.gov.ge

"მე არაფერს არ გამოვრიცხავ" - ასე უპასუხა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კითხვას, გამორიცხავს თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე შოთაძემ თქვა, რომ გამოძიების პროცესში მხოლოდ ორი დანა ამოიღეს.

"რაც შეხება სხვა დანას, არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, არავინ არ იძლევა მსგავს ჩვენებას, არ არის ამოღებული არც ერთი საგამოძიებო მოქმედებით, მიუხედავად ბევრი მცდელობისას, სხვა არც ერთი დანა, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს საქმეში, რომ არსებობდა მესამე დანა. ეს არის რეალობა და ამას გიხსნით" - თქვა შოთაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა, რასაც სასამართლოს შენობასა და შენობის გარეთ ხმაური მოჰყვა.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

კომენტარები