პროკურატურამ ის უცხოელი ექსპერტები მოიწვია, ვინც 2014 წელს სააკაშვილის საქმეს სწავლობდნენ

მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ საქართველო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებაში უცხოელ ექსპერტებს მოიწვევს. საინტერესოა, რომ საქართველომ ეს ექსპერტები 2014 წელსაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესწავლისთვის მოიწვია. 

ირაკლი შოთაძის თქმით, საერთაშორისო ექსპერტიზის კომისიის შემადგენლობა ასეთია:

სერ ჯეფრი ნაისი - იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე. ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა.

მოშე ლადორი - ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი, რომელმაც ისრაელის ექსპრეზიდენტ მოშე კაცავს და ყოფილ პრემიერ–მინისტრ ეჰუდ ოლმერტს ბრალი წაუყენა.

"ამ ექსპერტებმა უნდა შეაფასონ ის მტკიცებეულებები, რაც პროკურატურამ მოიძია, ზაზა სარალიძეს შეეძლება დაუსვას კითხვები უცხოელ ექსპერტებს და მათგან მიიღოს ინფორმაცია. ", - ამბობს შოთაძე.

რატომ მოიწვია საქართველომ ეს ექსპერტები 2014 წელს?

2014 წლის 24 ივლისს პროკურატურამ გამოძიების გამჭვირვალობისა და საგამოძიებო პროცესის ხარიხსის ამაღლების მოტივით მოიწვია უცხოელი ექსპერტები. მათ ვალერი გელაშვილზე მომხდარი თავდასხმის დეტალები უნდა შეესწავლათ. 

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს ბრალი 2014 წელს წაუყენეს. საქმე ორ ნაწილად გაიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მის პირველ ეპიზოდზე 2016 წლის 22 სექტემბერს ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე დამნაშავეებად ცნო. საქართველოს ექსპრემიერს ვანო მერაბიშვილს  6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა. კოდუას და სირაძეს 9-9-წლიანი პატიმრობა და ასევე, 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. 

მიხეილ სააკაშვილის შესახებ კი სასამართლოს განაჩენი ამ დრომე არ აქვს გამოტანილი. 

კომენტარები