თურქეთი

1 დღე რეფერენდუმამდე, ერდოღანმა ევროპა ავადმყოფ კაცს შეადარა

Getty Images

თურქეთის რეფერენდუმამდე ერთ დღეზე ნაკლები დრო რჩება. საგანგებო მდგომარეობის ფონზე დაგეგმილ რეფერნდუმზე მოსახლეობამ საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმის საარჩევნო კამპანიის უკანასკნელ მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპა მწვავედ გააკრიტიკა და ის "ავადმყოფ კაცად" მოიხსენია. 

ერდოღანმა ევროკავშირის ლიდერები ნაცისტებს შეადარა, და განაცხადა, რომ ევროპაში ფაშიზმის აჩრდილი დაძრწის. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ თავსაბურავის სამსახურში ტარების აკრძალვა კი თურქეთის პრეზიდენტმა ისლამის მიმდევართა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობად მოიხსენია. 

16 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმზე მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. სოციოლოგიური კვლევების უმრავლესობის მიხედვით, რეფერნდუმზე ამ დროისთვის დაახლოებით 57%-ით ერდოღანის პოზიცია ლიდერობს.


ფოტო: Getty Images

საკონსტიტუციო ცვლილებები მოიცავს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, ასევე საპარლამენტო მანდატთა რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის (HSYK) რეფორმირებას.

ცვლილებები გააკრიტიკის ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სადაც განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა ძალაუფლების განაწილების და საპარლამენტო ანგარიშვალდებულების გაუქმებამ. საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებმა, განაცხადეს რომ ცვლილებები გამოიწვევს პარლამენტის დაუძლურებას, ხოლო პრეზიდენტს ექნება კონტროლი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემაზე.

კომენტარები