Heritage Foundation

ეკონომიკური თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 13-ე ადგილზეა

ეკონომიკის თავისუფლების 2017 წლის ინდექსი
Heritage Foundation

Heritage Foundation-ის 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის 13-ე ადგილი უჭირავს. 2016 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით საქართველო 10 პოზიციით დაწინაურდა. ევროპის მასშტაბით კი საქართველო მეხუთე ყველაზე თავისუფალი ეკონომიკაა. საქართველოს მიერ მიღებული ქულა 76-ია, რაც 2016 წელს მიღებულ ქულას 3.4-ით აღემატება.

საქართველომ ინდექსში პოზიციები საკუთრების უფლების, შრომითი უფლებებისა და ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით გაიუმჯობესა. სამთავრობო ხარჯების, მონეტარული პოლიტიკისა და საგადასახადო დონის მიმართულებით კი საქართველოს პოზიცია გაუარესდა. ინდექსში ქვეყნები 0-დან 100-მდე ქულით ფასდებიან.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება ესენია: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობა და საბაზრო თავისუფლება. ამ კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები ასე გამოიყურება: 

კანონის უზენაესობა:

  1. საკუთრების უფლებები - 55.1 ქულა, ზრდა წინა წელთან 15.1 ქულა. 
  2. მთავრობის ინტეგრაცია (ერთიანობა) - 65 ქულა, ზრდა წინა წელთან 13 ქულა.
  3. სასამართლო ეფექტიანობა - 66.5 ქულა, ქულა უცვლელია.

Heritage Foundation-ის ინფორმაციით, საკუთრების უფლებებში არსებული გაუმჯობესება დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ კონტრაქტების აღსრულების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ასევე სასამართლო რეფორმების განხორციელებასთან.

მთავრობის ზომა:

  1. მთავრობის ხარჯები - 74.4 ქულა, კლება წინა წელთან 0.9 ქულა.
  2. საგადასახადო ტვირთი - 87.3 ქულა, კლება წინა წელთან 0.3 ქულა.
  3. ფისკალური სიჯანსაღე - 93.5 ქულა, ქულა უცვლელია.

მთავრობის ზომის მიმართულებით არსებული კლება მშპ-სთან მიმართებით მთავრობის ხარჯებს უკავშირდება, რაც გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 29.2%-ს შეადგენდა. საგადასახადო ტვირთის მიმართულებით კი ქულის გაუარესება სავარაუდოდ ზოგიერთი ტიპის გადასახადის ზრდას უკავშირდება. 

რეგულაციების ეფექტურობა:

  1. ბიზნესის თავისუფლება - 87.2 ქულა, ზრდა წინა წელთან 0.7 ქულა.
  2. შრომის თავისუფლება - 75.9 ქულა, ზრდა წინა წელთან 0.2 ქულა.
  3. მონეტარული თავისუფლება (სავალუტო თავისუფლება) - 78.2 ქულა, კლება წინა წელთან 2.7 ქულა.

ბიზნესის თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს წინსვლა განაპირობა ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების სიმარტივემ, მუშახელის არასახელფასო ხარჯის დაბალმა დონემ, ბიზნესის სავალდებულო საწყისი კაპიტალის არარსებობამ და ბიზნესის რეგულირების ეფექტიანმა მექანიზმებმა. მონეტარული თავისუფლების მიმართულებით ქულის გაუარესება ლარის დევალვაციას და უცხოურ ვალუტაზე ეკონომიკის მაღალ დამოკიდებულებას უკავშირდება. კვევის მიხედვით დადებითად არის შეფასებული ის გარემოება, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასის მოთხოვნები არაა. 

საბაზრო თავისუფლება:

  1. ვაჭრობის თავისუფლება - 88.6 ქულა, ქულა უცვლელია.
  2. საინვესტიციო თავისუფლება - 80 ქულა, ქულა უცვლელია.
  3. ფინანსური თავისუფლება - 60 ქულა, ქულა უცვლელია.

საბაზრო თავისუფლების კრიტერიუმში მართალია 2016 წელთან შედარებით ქულები უცვლელია, თუმცა ზოგიერთ კრიტერიუმში მათ შორის ვაჭრობის თავისუფლების კრიტერუმში საქართველოს პოზიციები გაუარესებულია. 2012 წელს ვაჭრობის თავისუფლებაში საქართველოს 89.1 ქულა ჰქონდა მეოთხე წელია საქართველოს პოზიცია ამ მიმართულებით უარესდება. 

Heritage Foundation-ის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის პრობლემად რჩება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა, თუმცა ნათქვამია, რომ ქვეყანაში სკამაოდ ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორია.

წლების მიხედვით ინდექსში საქართველოს პოზიცია ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 34-ე ადგილი
  • 2013 წელი - 21-ე ადგილი
  • 2014 წელი - 22-ე ადგილი
  • 2015 წელი - 22-ე ადგილი
  • 2016 წელი - 23-ე ადგილი
  • 2017 წელი - 13-ე ადგილი

ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ჰონგკონგი - 89.8 ქულა, ზრდა წინა წელთან 1.2 ქულა
  2. სინგაპური - 88.6 ქულა, ზრდა წინა წელთან 0.8 ქულა
  3. ახალი ზელანდია - 83.7 ქულა, ზრდა წინა წელთან 2.1 ქულა
  4. შვეიცარია - 81.5 ქულა, ზრდა წინა წელთან 0.5 ქულა
  5. ავსტრალია - 81 ქულა, ზრდა წინა წელთან 0.7 ქულა

ყველაზე დახურული ეკონომიკების ხუთეული კი ასეთია:

  1. ჩრდილოეთ კორეა - 4.9 ქულა, ზრდა წინა წელთან 2.6 ქულა
  2. ვენესუელა - 27 ქულა, კლება წინა წელთან 6 ქულა
  3. კუბა - 33.9 ქულა, ზრდა წინა წელთან 4.1 ქულა
  4. კონგოს რესპუბლიკა - 40 ქულა, კლება წინა წელთან 2.8 ქულა
  5. ერიტრეა - 42.2 ქულა, კლება წინა წელთან 0.5 ქულა

კომენტარები