ბლოგი

წინსვლამდე დიდი უკუსვლა გვექნება

ივანიშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლება რომ ერთხელაც შიშველ ძალად გადაიქცეოდა, დაკვირვებული ადამიანისთვის ჯერ კიდევ მაშინ იყო ნათელი, როცა ის პოლიტიკურ პლურალიზმს მიადგა. სამოქალაქო სექტორის ნაწილი, მაშინ, კანონდარღვევებს შურისგების დაუფარავი სურვილით არბილებდა და, ამგვარად, ივანიშვილის მადას არნახულ კომფორტს უქმნიდა შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. იმ ბრძენ კაცს კი თვალი თითქმის ყველაფერზე ეჭირა, რისთვისაც შეგვეძლო შემაკავებელი გვეწოდებინა. ძალაუფლება შეზღუდულია წესებით, შიშველ ძალას კი მხოლოდ ვნებები აქვს. ვნებები კი, ექსცენტრიკულ მილიარდერს იმდენი აქვს, რამდენი პარასკევიც. ამდენად, რაც ხდება, ლოგიკურია - როცა არ არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, ქრება მედიაპლურალიზმიც.

ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების უახლესი ისტორიდან ძალიან ნათლად ჩანს.

აქამდე, საქართველო იმით განსხვავდებოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდი ნაწილისგან, რომ აქ ხელისუფლების კონსოლიდირება ვერავინ შეძლო, ვერც გამსახურდიამ, ვერც ჯაბამ, ვერც კიტოვანმა, ვერც შევარდნაძემ.

პოლიტიკური პლურალიზმი, ვარდების რევოლუციამდე, არშემდგარი სახელმწიფოს გვერდითი ეფექტი უფრო იყო, ვიდრე ინსტიტუციონალიზებული დემოკრატიის ნიშანი, მაგრამ თუნდაც არასრულყოფილი პოლიტიკური პლურალიზმი ქმნიდა გარემოს, სადაც მედიას ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებობა შეეძლო.

ე.წ. გვიანი აბსოლუტიზმის წლებშიც კი, სააკაშვილმა ვერ შეძლო ყველაფრის მონოპოლიზება, ვინაიდან წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი კუნძულები არსებობდა - ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსული საცეცები, ოლიგარქები - ბადრი პატარკაციშვილი, მოგვიანებით - ბიძინა ივანიშვილი. ამასთან, არსებობდა დასავლეთის შემაკავებელი როლი.

2016 წლის არჩევნების შემდეგ თვისობრივად სხვა ვითარებაში აღმოვჩნდით:

მიშა სააკაშვილის არარეალისტურმა მისწრაფებამ, ყოფილიყო ორ ქვეყანაში, ორი ოპოზიციური პარტიის სულთანისტური ტიპის ლიდერი, დაანგრია პროდასავლური პარტია, რომელსაც რეფორმირების შემთხვევაში შეეძლო გამხდარიყო ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.

ამავე დროს, განადგურებულია სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობა. ანუ ბიძინა ივანიშვილის შემაკავებელი ინსტიტუტები ფაქტობრივად აღარ არსებობს.

ამასთან, დასავლეთში ვხედავთ, რაც ხდება, ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტები ჯერ არ გამოკვეთილა, რასაც ვხედავთ, ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. საფრანგეთში არჩევნებია და თუ მაკრონმა არ იმარჯვა, ალტერნატივად ორი პრორუსი კანდიდატი, ლე პენი და ფიიონი რჩება. გერმანიაში მერკელი შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს + ბრეგზიტი. ანუ დასავლეთს თავისი თავისტკივილი აქვს.

ერთადერთი, რასაც ბიძინა ივანიშვილის შეკავება შეუძლია, არის ძლიერი სახალხო პროტესტი - მაგრამ აქაც პრობლემა გვაქვს. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია და ხალხი ღრმა პოლიტიკურ ნიჰილიზმშია გადავარდნილი. ცვლილებების ეშინიათ, იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის პირობებში, ცვლილებებისგან უარესს ელიან.

ეკონომიკური ვითარების გამოსწორება თვალხილულ მომავალში მოსალოდნელი არაა - ინვესტორებს სტაგნაციაში მყოფი ქვეყანა არ აინტერესებთ, არც ქვეყნის ექსცენტრულ, არაფორმალურ მმართველს ენდობიან, ხელისუფლება რომ არაკომპეტენტურია, ამაზე მგონი ეროვნული კონსენსუსია შემდგარი.

იმ ბრძენ კაცს ახლა აქვს სრული კარტბლანში, ქვეყანას და ინსტიტუტებს მოეპყრას ისე, როგორს გიგანტურ ხეებს, მოგლიჯოს და თავის ბაღჩაში გადარგას. ამ მომენტში ხელს ვერავინ შეუშლის - ვერც დაქსაქსული ოპოზიცია და ვერც ნიჰილისტურად განწყობილი მოქალაქეები.

ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ შესაძლებლობათა ფანჯრით სარგებლობს.

მაგრამ, ეს მისთვის პიროსის გამარჯვება აღმოჩნდება.

ერთი იმიტომ, რომ შეზღუდული ძალაუფლების პირობებში ხელისუფლება უფრო ფრთხილი, და წინდახედულია. შედეგად - ნაკლებ შეცდომას უშვებს. მნიშვნელობა არ აქვს, გენიოსი მართავს ქვეყანას თუ ხეების გლეჯვით გატაცებული ზოოპარკის პატრონი.

თუ შემაკავებელი მექანიზმი არ არსებობს - ფატალური შეცდომები გარდაუვალია და ამას აუცილებლად მოჰყვება უკურეაქცია. სწორედ ეს უკურეაქცია, ზამბარის ეფექტი იყო 2012 წლის არჩევნების შედეგი.

თუ ნაციონალური მოძრაობა ვერ გადაარჩინა მედიის მონოპოლიზებამ და სინქრონულად მოლაპარაკე ნაციონალურმა არხებმა; თუ საბჭოთა კავშირი ვერ გადაარჩინა ტოტალურმა კონტროლმა - ივანიშვილს, მისი არაკომპეტენტური გუნდით, რა გადაარჩენს?

არის ქვეყნები, სადაც დემოკრატია ეკონომიკურ წინსვლას ეწირება - მაგალითად, ჩინეთი ან თურქეთი. პოპულისტი, ავტორიტარი მმართველების კონტრაქტი ხალხთან, სწორედ ესაა.

ჩვენ ეკონომიკურად კი არ ვიზრდებით, ვიქცევით - რის სანაცვლოდ უნდა დათმოს ხალხმა დემოკრატია?

აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში მთელი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. ის ქვეყნის წარუმატებლობას ვერ დააბრალებს ვერც კოაბიტაციას, ვერც ჩანერგილებს. კომპეტენტური გუნდი არ ჰყავს, თავისზე ჭკვიანებს ვერ იტანს - შესაბამისად, უნიჭო პირფერებითაა გარშემორტყმული.

ამიტომ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ივანიშვილის პიროსის გამარჯვება, პოლიტიკური გარღვევის წინაპირობაცაა.

პოლიტიკური გარღვევის პოტენცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ახალ ძალას აქვს. რამდენად შეძლებს რეალიზებას - სამოქალაქო საზოგადოების და, პირველ რიგში - ურბანული ცენტრების აყოლიებას, მომავალი გვიჩვენებს.

სანამ ეს მოხდება, ყველაფერი წავა უკან.

კომენტარები