ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი ტაბულას კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას პარლამენტში პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობა, პასუხობს, რომ რაც უფრო მეტ თემაზე შეჯერდებიან პარტიები, მით უკეთესი იქნება. მისი თქმით, პარტიებს შორის თანამშრომლობის მოდელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეირჩევა.
"მთავარი არის სახელმწიფო ინტერესები, მთავარი არის საქართველო. არის თემები, რომლებშიც შეიძლება შევთანხმდეთ და შევთანხმდეთ არა მარტო პატრიოტთა ალიანსთან, არამედ ნაციონალურ მოძრაობასთანაც. არის თემები და მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, პოლიტიკოსები, ვინც გადაწყვეტენ, რომ ემსახურონ ქვეყანას, უშვებენ კიდეც იმას, რომ შესაძლოა ერთმანეთის პოზიციები შევაჯეროთ. რაც მეტი იქნება ასეთი თემა, მით უკეთესი იქნება. ჩვენ შევარჩევთ ურთიერთობის ფორმას გამომდინარე იქიდან, თუ როგორ სჭირდება ქვეყანას", - ამბობს ვოლსკი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტია "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" ხმათა 5%-ს იღებს. კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის ის მინიმალური ბარიერი, რომლის გადალახვის შემდეგაც პარტია პარლამენტში ხვდება და მას მინიმუმ 6 მანდატი ენიჭება.





