ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე

ერემაძე: პროკურატურაში დავასახელებ, ვისზეა ზეწოლა

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ერემაძის თქმით, ის პროკურატურას კონკრეტულ გვარებს დაუსახელებს და მიაწვდის იმ ინფორმაციას, რაც მას აქვს. ერემაძემ პროკრატურაში გამოკითხვაზე შესვლის წინ თქვა, რომ მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მოსამართლე ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც გიორგი პაპუაშვილმა გააჟღერა, საკონსტიტუციოს ყველა მოსამართლემ იცოდა.

"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბატონი გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაციიდან არცერთი არ შემეხებოდა პერსონალურად მე. თუმცა, იმავდროულად, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის, რაც ბატონმა პაპუაშვილმა თქვა, პირველად გავიგე, ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, ან სასამართლოში ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა. სასამართლოში მოსამართლეებთან ერთად, ამაზე რამდენჯერმე გვისაუბრია. ვიდრე ბატონი გიორგი ამ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე დღით ადრე, პლენუმის ფორმატში თითქმის ყველა მოსამართლე ერთის გამოკლებით, სხვადასხვა საკითხებს დღის წესრიგის მიხედვით ვიხილავდით და ბატონი გიორგი ვინაიდან შეწუხებული იყო ერთ-ერთი მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მან მოსამართლეები ჩაგვაყენა საქმის კურსში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან დაკავშირებით არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია, მაგრამ, იმავდროულად, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ის ინფორმაცია, რაზეც ბატონი პაპუაშვილი საუბრობს, ჩვენ, მოსამართლეებს ინფორმაცია გვქონდა. მე ვერ მივცემ თავს უფლებას, ვისაუბრო იმ მოსამართლის სახელით, რომელთანაც ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ეს პრინციპულად არასწორი იქნება. ისევე, როგორც რომელი მოსამართლე რა განცხადებას გააკეთებს ან არ გააკეთებს, რა ფარგლებში ჩათვლის საჭიროდ გასაჯაროოს ინფორმაცია, ეს თითოეული მოსამართლის გადასაწყვეტია და მე ნამდვილად ვალდებული ვარ, პატივი ვცე თითოეული მოსამართლის არჩევანს. პროკურატურას მივაწვდი იმ ინფორმაციას, რა ფარგლებშიც ამ ინფორმაციას ობიექტურად ვფლობ", - ამბობს ერემაძე.

ერემაძის აზრით, ყველა მოსამართლემ უნდა მისცეს ჩვენება პროკურატურას, იმის მიუხედავად, ენდობა თუ არა გამოძიების შედეგებს.

"არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ თუკი მოსამართლეებთან ასეთი არაჯანსაღი კომუნიკაცია აღწევს სიმწვავის იმ ხარისხს, როდესაც მოსამართლეს უწევს დაფიქსირება, შეძლებს თუ არა ის ამ ფაქტობრივ გარემოებებში მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, ჩემი პირადი მოსაზრებაა, თუმცა, ამას რჩევის სახითაც ვერ მივცემ ვერავის, რომ რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გამოძიებას, დამოუკიდებლად იმისა, როგორია თითოეული მოსამართლის ნდობის ხარისხი გამოძიების შედეგებისადმი. ძალიან ღრმად მჯერა, რომ ასეთი ტიპის გამოწვევებს ყველაზე ობიექტური და ეფექტური და სწორი პასუხი არის პრინციპული და სწორი გადაწყვეტილებები. მე კონკრეტულ გვარს ვიტყვი პროკურატურაში, თუმცა არ ვიტყვი თქვენთან. მე მივაწვდი პროკურატურას იმ ინფორმაციას, რაც ვიცი, ერთი მოსამართლის გვარი იქნება, ორის თუ რამდენის, ნამდვილად ვერ გეტყვით, ისევე, როგორც ვერ დაგისახელებთ მოსამართლეს, ვერ დაგისახელებთ ფაქტებს. თუმცა რაც ვიცი, ვალდებულად ვთვლი თავს, მივაწოდო გამოძიებას", - აღნიშნა ერემაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში ზუსტად როდის მივა, არ იციან, ეს შეიძლება მოხდეს დღეს ან ხვალ. პაპუაშვილის გამოკითხვაზე მისვლის ზუსტი დრო არ იციან პროკურატურაშიც.

აღსანიშნავია, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ნაწილი მათგანი უკვე იმყოფებოდა უწყებაში. 

კომენტარები