ე.წ. კაბელების საქმე

ადვოკატი: ეს ადამიანები პოლიტიკური ძალების დაპირისპირების მსხვერპლები არიან

ერთ-ერთი პოზიცია, რომელზეც სასამართლოზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, არის ის, რომ ეს ადამიანები არ არიან სუბიექტები სისხლის სამართლის ამ მუხლისა, ვინაიდან ადამიანმა თანხა რომ გაფლანგოს, ეს თანხა უნდა იყოს მის მართლზომიერ მფლობელობაში ან განკარგვაში. ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან ამ თანხის მართლზომიერი მფლობელები და არასოდეს გადაუციათ სხვა ორგანიზაციისათვის ან პირისათვის ეს თანხა. იმისათვის, რომ ეს დანაშაული არსებობდეს, უნდა იყოს სახეზე ანგარებითი მიზანი, ეს ვერ გამოკვეთა საერთოდ ბრალდების მხარემ. არც დასკვნით სიტყვაში და არც ბრალდების შესახებ დადგენილებაში ამის თაობაზე არაფერია მითითებული, ისინი ზოგადად აღნიშნავენ, რომ მათ სურდათ ვითომ სილქნეტის წარმომადგენლების კეთილგანწყობის მოპოვება. სინამდვილეში არაფერი წერია იმის თაობაზე თუ ვის სურდა ეს კეთილგანწყობის მოპოვება, რატომ სურდა ეს კეთილგანწყობის მოპოვება, რომელი თანამშრომლების კეთილგანწყობის მოპოვება სურდა ან რას ნიშნავს საერთოდ ეს უპირობო კეთილგანწყობა? ეს არის ზოგადი ფრაზა და მეტი არაფერი, ბრალდების მხარის მიერ გაცხადებული. ამიტომ, ჩვენ დავასაბუთეთ და დეტალურად ჩამოვაყალიბეთ ჩვენს დასკვნით სიტყვაში, რომ არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის დროს აუცილებელი უნდა იყოს, არამედ დასაბუთებულ, ყველაზე დაბალ სტანდარტსაც ვერ პასუხობდა ბრალდების პოზიცია. აქედან გამომდინარე, დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები, ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, ისინი არიან გარკვეული ძალების პოლიტიკურ დაპირისპირებას შეწირული ადამიანები. ამ დასკვნამდე მივდივარ იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება საქმეში, რომელსაც დაცვის მხარემ ვერ დაუპირისპირა მყარი არგუმენტები

ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ე.წ. კაბელების საქმეზე

კომენტარები