თეორემა

რას ვზეიმობთ 9 მაისს?!

ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს გარდა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ზეიმობენ - რთული სათქმელია რას ზეიმობენ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, რომელი ქვეყნის გამარჯვებაა საზეიმო, თუმცა მოსკოვში ამ დღის დატვირთვა კარგად ესმით - მასშტაბური აღლუმი წითელ მოედანზე, ზუსტად იგივე სცენარით და მსგავსი ჰაბიტუსის მონაწილეებით, როგორც პირველ 9 მაისს იყო - განსხვავება რაღა თქმა უნდა არის - ახლა ლენინის მავზოლეუმს დიდ ბანერს აფარებენ, ამ ბანერის წინ კი ვლადიმირ პუტინი თავის სტუმრებთან ერთად ესალმება რუს ჯარისკაცებს - თითქოს ამ კადრმა ყოფილი მზიანი საბჭოეთის მოქალაქეს უჩვეული ძალის ნოსტალგიაც კი უნდა გაუჩინოს - იმ დროის ნოსტალგია, როცა ეკრანზე სპორტულ აღლუმებს უყურებდა ისააკ დუნაევსკის ნათელი მელოდიების ფონზე.

როგორც ამ საკითხში კარგად ჩახედულები ეძახიან, სურკოვის პროპაგანდა ამ მიმართულებითაც კარგად მუშაობს - თითქოს 1941-45 წლებში დაღვრილმა სისხლმა კვლავ უნდა შეაკავშიროს რუსული იმპერიის ყოფილი ნაწილები. პროპაგანდა როგორც შიდა ისე გარე მოხმარებისთვისაცაა გათვლილი - დღეს გორში, რაღაც ასეთის უსახური მცდელობა ვნახეთ თუმცა ტენდენციის მაჩვენებელი ეს მსვლელობაც იყო.

კომენტარები