ფარული კადრები

11 და 14 მარტს გავრცელებულ კადრებზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

პროკურატურას 11 და 14 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. უწყების ინფორმაციით, მასალების გამავრცელებელი პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით.

"გამოძიების დაწყებისთანავე, უწყვეტ რეჟიმში ჩატარდა და მიმდინარეობს აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ პროკურატურის შუამდგომლობების საფუძველზე, გაცემულ იქნა სასამართლოს განჩინებები, რომლის თანახმად სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნა გაეგზავნა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს, youtube-ს, facebook-ს და google-ს სერვერებიდან - IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა ვიდეომასალის განთავსება ინტერნეტში და მოხდეს ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ინტერნეტ-მოხმარებელის იდენტიფიცირება. საქართველოს მხარის მიერ შუამდგომლობით მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ასევე მოიცავს იმის დადგენასაც, თუ კონკრეტულად ვინ შექმნა facebook-ის გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა.

გამოძიების მსვლელობისას, საქართველოს პროკურატურამ მიმართა youtube-ის ცენტრალურ ოფისს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაციის მოთხოვნით, ვინაიდან ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურატურის და სამართალდამცავი უწყებების მიერ, შესაბამისი ვებგვერდის ადმინისტრაციასთან დაუყონებლივ იქნა გაგზავნილი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალის ბლოკირების და საიტიდან მოხსნის მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა.

ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ ვიდეომასალის გამავრცელებლის დადგენის და ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ქ.თბილისში, ჩატარდა 6 საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, 5 სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოცემულ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალის შესწავლა. ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე დანიშნულ იქნა კომპლექსური ექსპერტიზები, გამოკითხულ იქნა 10 პიროვნება, ამასთან გამოკითხულ იქნენ ის ჟურნალისტები, ვისაც პირადი facebook-ის გვერდზე დაეგზავნათ გავრცელებული კადრების შესახებ ინფორმაცია, მოწმეების მონაწილეობით დათვალიერდა აღნიშნულის ამსახველი ელექტრონული მიმოწერა", - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ, სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, მიმართა უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს სამართლებრივი დახმარების თხოვნით.

კომენტარები