რუსთავი 2-ის საქმე

HRW: რუსთავი 2-ის საქმემ საქართველოში მედიაპლურალიზმს საფრთხე შეუქმნა

უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის შეფასებით, "2015 წელს მედიაპლურალიზმს საფრთხე შეუქმნა რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს დახურვამ და ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე დავამ". HRW-ის ანგარიშში წერია, რომ რუსთავი 2-ის საკუთრების ირგვლივ მიმდინარე დავამ შეშფოთება გამოიწვია ხელისუფლების მედიაში ჩარევასთან დაკავშირებით.

"ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004-2006 წლებში „რუსთავი 2"-ის მფლობელი იყო, აგვისტოში სარჩელი შეიტანა ამ კომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნების მოთხოვნით, რომლის გაყიდვაც, მისი განცხადებით, 2006 წელს ენმ-ის ხელისუფლებამ აიძულა. ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა და რუსთავი 2-ს დროებითი მმართველები დაუნიშნა, რაც ადგილობრივმა უფლებადამცველთა ჯგუფებმა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად შეაფასეს. ერთი კვირის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო პროცედურული კოდექსის იმ მუხლის მოქმედება, რომელმაც შესაძლებელი გახადა დროებითი მმართველების დანიშვნა. რუსთავი 2-ის არსებული ხელმძღვანელობის მტკიცებით, სამართლებრივი დავა ხელისუფლების მიერაა მართული და ოპოზიციური არხის ხელში ჩაგდების მცდელობას ემსახურება. არხის ხელმძღვანელობა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრებას აპირებდა. „რუსთავი 2"-მა განაცხადა, რომ სამართლებრივმა დავამ, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიისა და მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის აქტივების დაყადაღებამ, ტელეკომპანიას სერიოზული ფინანსური და ლოგისტიკური სირთულეები შეუქმნა", - ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზეც წერს, რომლის თანახმადაც, მას პირადი ვიდეოს გამოქვეყნებით დაემუქრნენ.

"პროკურატურამ ამ მუქარის გამოძიება დაიწყო. რამდენიმე დღეში ინტერნეტით გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც გვარამია მითითებებს იღებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან, მოემზადოს არხის დასაცავად ხელისუფლებასთან შესაძლო „ფიზიკური დაპირისპირებისთვის". საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უმეტესობამ, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, შეშფოთება გამოთქვა „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით", - წერია ანგარიშში.

უფლებადაცვითი ორგანიზაცია ტელეკომპანია იმედის მიერ პოლიტიკური ტოქშოუების შეჩერებაზეც წერს და აღნიშნავს, რომ ერთი ტოქშოუს წამყვანი და მეორის თანაწამყვანი, ინგა გრიგოლია, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლების როლზე საუბრობდა.

კომენტარები