პრემიერი: არანაირი ტერორისტული რისკი პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობიდან არანაირი ტერორისტული რისკი არ მომდინარეობს. კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

"საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს, არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს. იქიდან არის რამდენიმე ათეული ადამიანი წასული და იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს", - თქვა კვირიკაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვის ინფორმაციით, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პანკისში საწვრთნელი ბაზები აქვს.

"პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, რადგან პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ, რაც სახიფათოა", - აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის დაწესების ერთ-ერთი მიზეზი.

კომენტარები