საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს ნომინალური მშპ ერთ მოსახლეზე 2011 წლის დონემდე შემცირდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2015 წლის საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდება ერთ მოსახლესთან $3.719-ს შეადგენს, რაც 2011 წლის მონაცემებს მხოლოდ $9-ით აღემატება. 2014 წელს მშპ ერთ მოსახლეზე $4,433 იყო, 2015 წელს კი ის $713-ით შემცირდა, ამის მიზეზი ლარის გაუფასურებაა. ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება ქვეყანაში სიღარიბის ზრდაზე მიანიშნებს.

2011 წლიდან 2014 წლამდე დოლარში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე იზრდებოდა, 2015 წელს კი ზრდა კლებამ შეცვალა. ლარში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე 2015 წელსაც გაიზარდა, თუმცა ამ ზრდამ ვალუტის დევალვაციის ეფექტი ვერ გადაფარა:

  • 2011 წელი -$3,710 
  • 2012 წელი -$4,130
  • 2013 წელი -$4,266
  • 2014 წელი -$4,433
  • 2015 წელი -$3,719

მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართება ერთ სულ მოსახლესთან ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობის დადგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ლარებში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე სავარაუდოდ გაიზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით მშპ ერთ მოსახლეზე 6.142 ათას ლარს შეადგენს, მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა თუკი ის 300 ლარზე მეტი იქნა მაშინ წინა წელთან შედარებით ლარებში გამოსახული მშპ ერთ მოსახლეზე 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლესთან ფარდობას დოლარში აფასებენ.

კომენტარები