რუსთავი 2-ის საქმე

GNCC: უფლებამოსილი მმართველის გარეშე R2 მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხის ქვეშაა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს მოუწოდებს, "მიიღონ ყველა ზომა იმ მიზნით, რომ სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა". GNCC რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესს.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის სამაუწყებლო ბადე, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, ასევე არხზე კრიტიკული აზრის ფიქსირების მოცულობა არ შეცვლილა შემცირების/გაუქმების თვალსაზრისით, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ადგილი არ ჰქონია და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია.

შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის მაუწყებლობა შეუფერხებლად ვრცელდება როგორც ღია ეთერით, ასევე საკაბელო ქსელების გამოყენებით, თანამგზავრული სისტემებითა და ინტერნეტით;

ტელეკომპანიას ბოლო დრომდე არ შექმნია პრობლემები ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან კომუნიკაციის კუთხით, თუმცა კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების ირგვლივ შექმნილი ვითარება (როცა, ერთი მხრივ, სასამართლოს განჩინებით კომპანიის დირექტორსა და მისივე მინდობილობით მოქმედ ყველა პირს შეჩერებული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ხოლო მეორე მხრივ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული დროებითი მმართველები არ ახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს), კომისიის შეფასებით, ქმნის რეალურ საფრთხეს შეფერხდეს, ან უფრო მეტი – შეჩერდეს მაუწყებლის ურთიერთობა მესამე პირებთან, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის ფუნქციონირების შეწყვეტა, მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"–ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის მხარეებს მიიღონ ყველა ზომა იმ მიზნით, რომ სასამართლო პროცესის არცერთ ეტაპზე კომპანია არ დარჩეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მართვის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული მაუწყებლის საქმიანობის შეწყვეტა" - აცხადებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია.

კომენტარები