რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: იმედი მაქვს, იგივე არ განმეორდება სააპელაციო სასამართლოში

საქმე არ გვაქვს მოსამართლესთან, საქმე გვაქვს დაქირავებულ ზონდერთან, რომელმაც ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც, 100%-იანი ალბათობით, წინასწარ სავარაუდო იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ ყველა გზას. ძალიან დიდი იმედი მაქვს და მივმართავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომ არ მოხდეს იგივეს გამეორება სააპელაციო სასამართლოში, ეს კიდევ უფრო დაძაბავს საზოგადოებაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, საბოლოოდ დაასამარებს სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თავი გადაირჩინოს. ნუ დაიწყებენ პროცესების აქსელერაციას, ნუ მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს, ნუ მოხვდებიან კოლეგიაში ის ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებული არიან წინასწარ და კორუპციულ გარიგებაში იმყოფებიან ხელისუფლებასთან, რაც შეიძლება ფულის აღებით გამოიხატოს ან სხვა ნებისმიერი ტიპის უკანონო გარიგებით იმიტომ, რომ ეს, როგორც ურთმელიძის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოაშკარავებულ იქნება რუსთავი 2 - ის მიერ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იხილავს დღის სინათლეს და ამას მილიონობით ჩვენი მაყურებელი აუცილებლად ნახავს. ამიტომ ნუ გაიხდით თავს დასაცინად, ნუ აიგდებთ თავს აბუჩად, მიჰყევით თქვენს შინაგან რწმენას და მიჰყევით თქვენს პროფესიონალიზმს. ამან ყველაფერმა თქვენ თვალწინ ჩაიარა. ნუ მისცემთ მოსამართლე ურთმელიძეს, აწ უკვე თქვენი ხელით, იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ნაშენები სასამართლოს რეპუტაცია დაასამაროთ, ახლა უკვე თქვენ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები