აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, გაზპრომთან მოლაპარაკების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საუბარია ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებზე, რაც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„გაზპრომის გაზსადენი, მრავალი წელია, მიაწოდებს სომხეთს გაზს და აქედან, ტრანზიტის სანაცვლოდ, ჩვენს ქვეყანას რჩება გარკვეული ოდენობის გაზი. ვინაიდან, სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, მეტი გაზი მიიღოს ამ გაზრდილი მოცულობიდან. რა არის აქ უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, გაუგებარია. ეს არის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკება, რომელიც ყოველწლიურად მიმდინარეობს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამდე, ბუნებრივი გაზის სექტორში დივერსიფიკაციის აუცილებლობის შესახებ მთავრობის წევრები, მათ შორის, ვიცეპრემერი კახი კალაძეც საუბრობდნენ.
საქართველოში ბუნებრივი გაზის იმპორტი ორი ქვეყნიდან - აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ხორციელდება. რუსულ გაზს საქართველო სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ იღებს. რაც შეეხება აზერბაიჯანულ გაზს, რომელზეც მოხმარების უდიდესი წილი მოდის, გამოიყოფა სოციალური ბუნებრივი აირი, რომლის შესასყიდი ფასიც დაბალია და შედარებით ძვირი კომერციული გაზი, რომელთა საერთო ფასიც ერთმანეთს აბალანსებს. თუკი კომერციული გაზის სექტორში ახალი მომწოდებელი გაჩნდება, ეს სოკარისთვის შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.





