საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

თევზაძე: სვანეთში მართლმადიდებელი ეკლესია ადგილობრივ დღეობებს კრძალავს

ამას წინათ დავბრუნდი ზემო სვანეთის ექსპედიციიდან. მინდა მოგიყვეთ იმ პრობლემაზე, რომლის შესახებ, როგორც ვიცი, ჯერ არავის უთქვამს: ჯერ მოკლე ისტორია: წინა მთავრობის დროს, მთავრობისვე დიდი ძალისხმევით, მოხდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გავრცელება ზემო სვანეთში. ეს არ იყო ადვილი პროცესი, რადგან სვანები სვანეთის ტერიტორიაზე მყოფ ეკლესიებს ყოველთვის თავის ეკლესიებად აღიქვამდნენ (ისევე, როგორც კოშკებს და მაჩვიბებს). ვიმეორებ, წინა მთავრობის დიდი ძალიასხმევის შედეგად, საკულტო ძეგლები ეკლესიის გამგებლობაში გადავიდა. ამჯერად ყურადღებას არ ვამახვილებ სრულიად შეუსაბამო გუმბათიან ეკლესიებზე, რომელიც ზემო სვანეთში აშენდა. ალბათ შეიძლებოდა, სახელმწიფოს რომ მეტი სახელმწიფოებრიობა გამოეჩინა, ისტორიული გარემოს შესაბამისი, უფრო ადეკვატური შენობების აგება. არც იმ ამბების ანალიზს დავიწყებ, როგორ შეეცადნენ ეკლესიის ოფიციალური პირები ადგილობრივ ბიზნესთან ჰარმონიურ ურთიერთობაში შესულიყვნენ. პრობლემა სხვაა: ძალაუფლების მოპოვებისთანავე, ზემო სვანეთის მართმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა დაიწყეს ადგილობრივი დღეობების აკრძალვა: მაგ. აკრძალეს ლამპრობა (საერთო სვანური დღეობა, ყველა სოფელში თავისი სპეციფიკაა. დღეობის საერთო ღერძი თებერვლის პირველ ნახევარში სასაფლაოებზე გასვლა და ლამპრების მიტანაა). შემდეგ მართალია, აკრძალვა მოხსნეს, თუმცა, როგორც მითხრეს, ზოგიერთ თემში ადგილობრივი ეკლესიების მღვდლებმა ეს აკრძალვა დატოვეს ძალაში და ლამპრობა სასაფლაოზე აღარ აღინიშნება. აკრძალულია ჰლიში - უშგულში, ლამარიას ეზოში (არა შიგნით ეკლესიაში, არამედ, ეკლესიის ეზოში) ქალების ლოცვა, ტარდებოდა მოსავლის აღების წინ და ა.შ. ეს აკრძალვები არა მარტო კულტურული (კომუნისტების 70-წლიანმა ბრძოლამ ვერაფერი დააკლო ამ დღეობებს, რომელთაგან ზოგიერთი, როგორც ეთნოგრაფები ვარაუდობენ, აშკარად ადრეული შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი) არამედ სოციალური პრობლემაცაა: ცხადია, მოსახლეობა უკმაყოფილოა. პრინციპში, საქართველოში არც მინახავს მხარე, სადაც ქრისტიანი კულტურის მატარებელი მოსახლეობა ღიად გამოთქვამს უკმაყოფლებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ჯერ-ჯერობით დარჩენილია მთავრობის შიში - ყველას ახსოვს რა სამთავრობო ზეწოლით შევიდა ეკლესიის ოფიციოზი სვანეთში - ამიტომ, პროტესტი მხოლოდ სიტყვიერია. მაგრამ მახსოვრობა და შიში წარმავალია, მით უმეტეს, დღევანდელი მთავრობის ადმინისტრაციულ-ძალაუფლებრივი სისუსტის ფონზე. ვფიქრობ, გუმბათიან ეკლესიებს აწი არაფერი ეშველება, თუმცა, ის, რომ ეკლესიამ უნდა გააუქმოს ყველანიარი აკრძალვა (თუნდაც ეს არ იყოს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია და კონკრეტული სასულიერო პირების კერძო ინიციატივა იყოს), რომელიც ადგილობრივ ტრადიციებს/დღეობებს და ამ ტრადიციების/დღეობების განხორციელების ადგილებს ეხება, ცხადია: ეს არა მარტო შეინარჩუნებს მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენს, არამედ, მართლმადიდებელ ეკლესიას მისცემს საშუალებას კონფილქტის და დაძაბულობის გარეშე იარსებოს ზემო სვანეთში

 

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები