ყაზახეთი

ყაზახური ტენგე თავისუფალ ცურვაში გავიდა და პირველივე საათში 23%-ით გაუფასურდა

1000 ყაზახური ტენგე
wikipedia.org

ყაზახური ტენგე ერთი საათის მანძილზე 23%-ით გაუფასურდა. ამჟამად ერთი აშშ დოლარი 257 ყაზახური ტენგე ღირს. ტენგეს გაუფასურება ფიქსირებული მონეტარული პოლიტიკიდან თავისუფალი ცურვის პოლიტიკაზე გადასვლას უკავშირდება. ქვეყნის პრემიერმინისტრის ქარიმ მასიმოვის თქმით, ტენგეს კურსს 20 აგვისტოდან მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დაადგენს. ცენტრალურ აზიაში უმსხვილესი ნავთობექსპორტიორის ვალუტის გაუფასურებას აზიურ ბაზრებზე ბირჟების ვარდნა უკვე მოჰყვა. ჰონგ კონგის ბირჟა დღეს 3%-იანი წაგებით გაიხსნა. 

ყაზახეთი ნავთობის სიდიდით მე-18 მომპოვებელია, ნავთობის ფასის შემცირების გამო ქვეყნის ეროვნული შემოსავლები შემცირებულია, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდაშიც გამოიხატება. წინა წელთან შედარებით ნედლი ნავთობის ფასი 59%-ით არის შემცირებული. დღეისთვის ერთი ბარელი ნავთობი ლონდონის ბირჟაზე $46 ღირს. ვალუტის გაუფასურების გამო ყაზახური ნავთობი და სხვა მინერალური პროდუქტები ახლა ფარდობითად უფრო იაფია, რადგანაც მათი შეძენა უფრო ნაკლებ დოლარად არის შესაძლებელი, ამის გამო ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყაზახეთის უმსხვილესი სამთომომპოვებლის KAZ Minerals-ის აქციები 17%-ით გაიზარდა

ყაზახეთის გადაწყვეტილება პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით რუსული რუბლის გაუფასურებასა და ჩინეთის მიერ იუანის დევალვაციას უკავშირდება. ჩინეთის მიერ იუანის დევალვაციამ აზიის სხვა ქვეყნებსაც უბიძგა იმავეს გაკეთებისკენ. ამასთანავე, ფედერალური სარეზერვო ფონდი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს, რასაც გამყარებული დოლარის კიდევ უფრო მეტი გამყარება მოჰყვება. 

რუსეთმა რუბლის ვარდნის შესაჩერებლად $86 მილიარდი დახარჯა, თუმცა ამ თანხამ გაუფასურება ვერ შეაჩერა, ამიტომაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მსხვილი ინტერვენციები შეაჩერა და რუბლს გაუფასურების საშუალება მისცა, რამაც თავის მხრივ რუსეთის საექსპორტო პოტენციალს გარკვეული კონკურენტუნარიანობა მიანიჭა. რუსული რუბლი ამ პერიოდის მანძილზე 46%-ით გაუფასურდა. ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მმართველის, კაირათ კელიმბეტოვის თქმით, სახელმწიფო ინტერვენციებს მხოლოდ მისი აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს. 

განვითარებადი ბაზრები ვალუტების თავისუფალ ცურვაში გაშვებით იმ პირობებში, როდესაც ამას ვალუტის დევალვაცია მოჰყვება, საკუთარი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ცდილობენ.

კომენტარები