თბილისის მეტრო

მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეიდან, თბილისის მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. მეტროსადგური უნივერსიტეტი თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური იქნება და ის თსუ-ს მაღლივ კორპუსთან აშენდება. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ, დელისიდან მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას მიმართულებით, ორივე გვირაბი ამუშავდება. მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.

"პროექტი, რომლის გახსნასაც დღეს აღვნიშნავთ, ითვალისწინებს მეორე, არსებული, მაგრამ ჯერ ექსპლუატაციაში შეუყვანელი გვირაბის აღდგენას. და პროექტის დასრულების შემდეგ, ორივე მიმართულებით ამუშავდება ეს გვირაბები" - განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა. ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო "ასიგნია კობრა" ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია "ევროსტუდიამ" მოამზადა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. მისი ღირებულება 83 000 670 ლარია.

"პროექტი გააუმჯობესებს ურბანული სატრანსპორტო ქსელის ეფექტურობას და საიმედოობას, შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს უფრო მდგრად გარემოს თბილისში", - ამბობს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ქეითი ჯულიანი.

 

 

კომენტარები