სტიქია თბილისში

გოცირიძე: გამოსავალი ვაკე-საბურთალოს გზისა და გმირთა მოედნის მოშლა არ არის

გიორგი გოცირიძე
თეორემა/ტაბულა

გეომორფოლოგ გიორგი გოცირიძის განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ვაკე-საბურთალოს გზისა და გმირთა მოედნის მოშლა არ არის. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"გამოსავალი ვაკე-საბურთალოს გზისა და გმირთა მოედნის მოშლა ნამდვილად არ არის, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რა არის ჩვენი ამოცანა. პრიორიტეტული ამოცანა უნდა გამოიკვეთოს, მე, მაგალითად, ასეთ სიტუაციებში ადამიანის უსაფრთხოებას დავაყენებდი წინ, მეორე ეტაპი იქნებოდა სატრანსპორტო თუ სარეკრეაციო თუ სხვა ფუნქციები ამ ზონის, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უბრალოდ, უნდა შემუშავდეს ძალიან გააზრებულად კატასტროფული ბუნების მქონე მდინარის მიმართ რა უნდა გაკეთდეს. გამოსავალი არის ორი. ცალსახად ეს არის მდინარის გახსნა. გვირაბების მორღვევა ისე, რომ სატრანსპორტო კვანძები შენარჩუნდეს. ეს არის გვირაბების ხიდებად გადაქცევის და სხვა საინჟინრო ჩარევების განხორციელება. ნამდვილად შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. აქ არ არის საუბარი მარტო თბილისზე, ეს რაღაც საერთო ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს, რამდენად ღირებულია ეროვნული განვითარების აგენდაში ეს. არ უნდა დაგვეზაროს დროის ხარჯვა, რა არის ჰიპოთეტურად ყველაზე სწორი. რა გვაქვს დღეს და როგორ ვიაროთ ისე რომ ა) ადამიანები არ მოკვდნენ და ბ) მატერიალური ზარალი იყოს რაც შეიძლება, ნაკლები", - თქვა გოცირიძემ.

ჟურნალისტის კომენტარს - "ანუ თქვენ იდეალურ შემთხვევაში გადააკეთებდით გმირთა მოედანსაც, ვაკე-საბურთალოს გზასაც და შესაბამისად, ახალი გზის გვირაბსაც და მონახავდით სხვა გადაწყვეტას, მაგალითად, ხიდის სახით. ხიდი ნაკლებად პრობლემატურია ამ შემთხვევაში" - გოცირიძე პასუხობს:

"პრინციპულად. მდინარე ვერე ამას მაინც იზამდა. პრობლემა არის მდინარე ვერის ხეობის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება და თუ ადეკავტურები გავხდებით და რომ გავმხდარიყავით 50-იან წლებშიც ადეკვატურები, მაშინ ეს მდინარე ღიად უნდა დარჩენილიყო", - თქვა გოცირიძემ გადაცემა თეორემაში.

აღსანიშნავია, რომ ვაკე-საბურთალოს გვირაბი 1959 წელს აშენდა, გმირთა მოედნის კი, გასული საუკუნის 30-იან წლებში.

კომენტარები