სტიქია თბილისში

გოცირიძე: გზა როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ვერე მაინც მოკლავდა ხალხს

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი დამოკიდებულება მდინარე ვერეს მიმართ იყო არაადეკვატური. განვიხილავდით, როგორც ერთ ლამაზ მშვიდობიან მდინარეს და პრობლემა არის იმაში, რომ ეს არის კატასტროფული ხასიათის მქონე მდინარე, რომელსაც უკან აქვს ძალიან დიდი წყალშემკრები აუზი. წყალშემკრები აუზი არის ის, სადაც ნებისმიერი წვეთი გროვდება და მოდის ბუნებრივ სადენში, მდინარეში, პირდაპირ მოდის თბილისზე. წარმოიდგინეთ, მოცემულობაა უკვე ისეთი, რომ ერთ ძაბრში რაღაც მომენტში მოვა წყალი, რომელიც, რა თქმა უნდა, ვიღაცას მოკლავს, დაანგრევს ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას. პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ არასათანადოდ ვაღიარეთ მდინარე ვერეს ხეობა თბილისში. რომ დასაბუთებულიყო ამ გზის ვარგისიანობა, რომ დასაბუთებულიყო, რომ გარემოს დაცვითი თვალსაზრისით ის ცუდ ეფექტს არ ახდენს, ან რომ დასაბუთებულიყო რომ ეს არის ყველაზე კარგი მიგნება არა 60-იანი წლების, არამედ 21-ე საუკუნის და ჩვენ ერთხმად, მთელ ერს ეს აგვეშენებინა, მდინარე ვერე მაინც მოკლავდა ხალხს და მაინც დაანგრევდა. გეოლოგიური, ჰიდროლოგიური თუ სხვა დასკვნები, რომლებიც ნებისმიერ ასეთ პროექტს ახლავდა მჟავანაძის, შევარდნაძის თუ სხვების დროს, ჩემის აზრით, არის ძალიან ღარიბი, ძალიან მწირი, ძალიან ვიწრო. თბილისში ეს მდინარე, სხვა კატასტროფულ მდინარეებთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლები კლასისაა, მაგრამ ყველაზე მაღალი სტატუსისაა იმიტომ, რომ ყველაზე დიდ ქალაქს აყენებს თავის უარყოფით ეფექტს. ამდენად, მეწყერმა არაფერი არ გადაკეტა, მაგრამ თავისი როლი შეასრულა ცალსახად, ინერტული მასალა და ხე და მოგლეჯილი მცენარეული საფარი დაამატა, რაც დაეხმარა გაჭედვას, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო მთელს ამ უზარმაზარ არეალში კოკისპირული წვიმა ძალიან მოკლე პერიოდში. არ არის აუცილებელი რომ დიდხანს იწვიმოს, მთავარია, სწრაფად მოვიდეს საკმარისი რაოდენობა წყალი, რომ ძალიან ვიწრო ვერეს ხეობა გაეჯერებინა წყლით და ძალიან დიდი ენერგიით შემოსულიყო პირველივე ხელისშემშლელ გვირაბთან, რომელიც ჩაიხერგა სწორედ ამ ჩამოტანილი მასალით და ყველაზე მეტი ადამიანი მანდ დაიღუპა.

გეომორფოლოგი გიორგი გოცირიძე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები