ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

მინაშვილი: ხელისუფლებისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა მიუღებელია

ტაბულა

ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ფართომასშტაბიანი შეტევა სასამართლო ინსტიტუტზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მინაშვილის განცხადებით, უმრავლესობის წევრები, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ახორციელებენ თავდასხმას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე.

"პრემიერმა გუშინ, ოქროპირიძის საქმეზე ბრალი ნაფიც მსაჯულებზე გადაიტანა. პროკურატურამ არ მოამზადა სათანადოდ საქმე, ნაფიც მსაჯულთა წინაშე მტკიცებულებები არ წარადგინა, რათა მომხდარიყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დისკრედიტაცია. მინდა საზოგადოებას და ხელისუფლებას შევახსენო, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი და ის არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი სასამართლოს დამოუკიდებლობის. ძალიან ცალსახაა, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლო არ უნდა და სწორედ ამის გამო ხორციელდება დარტყმები სასამართლო ინსტიტუტზე", - განაცხადა მინაშვილმა.

მინაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია წახალისებულია, ხდება გარიგება ხელისუფლებასა და კონკრეტულ მოსამართლეებს შორის.

"ეს გასაკვირი არ არის, რადგან რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალბატონი გვენეტაძე დაინიშნა, რომელიც თავის დროზე კორუფციული ურთიერთობის მფარველი იყო", - ამბობს მინაშვილი.

მინაშვილის თქმით, ხელისუფლებას შემოაქვს გაურკვეველი ინსტიტუტი - სასამართლო ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც არის დაშინებისა და შანტაჟის მექანიზმი და ცდილობს, ყველა მოსამართლე საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს.

"თუ მოსამართლე არ დაემორჩილება სწორედ იმ თამაშის წესს, იმ განსაზღვრულ ნორმებს, რომელსაც ადგენს ხელისუფლება სასამართლოში, მას მოუწევს პასუხისგება. მე მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევას აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი და ამ ხელისუფლებას მოუწევს ამ ფასის გადახდა", - განაცხადა მინაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აზრით, ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები, ამ ტიპის ჩარევა პირდაპირ ურტყამს და ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას, ამავე დროს, ახდენს საქართველოს დისკრედიტაციას პარტნიორი ქვეყნების თვალში და, საბოლოო ჯამში, ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისაკენ.

"მე არა მაქვს ილუზია, რომ ეს ხელისუფლება ამ პოზიციას შეცვლის და მთავარია ის, რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში თავის პროტესტს დააფიქსირებს, დააფიქსირებს იმ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, რომელიც არის ძალიან ნეგატიური და ამ ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მალე წასვლა იმ სკამებიდან, რომლებზეც დღეს ისინი არიან", - განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები