უკრაინის კრიზისი

გრიბაუსკაიტე: დასავლეთში არ არის ლიდერი, რომელიც პუტინს შეაჩერებს

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე

რუსეთი ისლამური ტერორიზმზე არანაკლებს საფრთხეს წარმოადგენს, რომელის შესაჩერებლად დასავლეთმა ჯერჯერობით ვერაფერი გააკეთა. ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა. მან არ გამორიცხა, რომ პუტინის შემდგომი აგრესიის სამიზნე ბალტიის ქვეყნები გახდნენ.

ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთში ძლიერი ლიდერების არარსებობამ განაპირობა როგორც „ისლამური სახელმწიფოს", ასევე პუტინის რუსეთის გაძლიერება, რომელიც გახდა „სახელმწიფო ტერორისტული ელემენტებით"". გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ რუსული ძალები უკრაინაში იმყოფებიან და მოსკოვი მეზობლების წინააღმდეგ ომს აწარმოებს, რის საშუალებაც მას ევროპამ და მსოფლიომ მისცეს. „ეს იგივე საერთაშორისო ტერორიზმია, რასაც ერაყსა და სირიაში ვხედავთ", - აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა „არ არის ბოლო ტერიტორია, სადაც პუტინი საკუთარი უნარების დემონსტრირებას აპირებს".

„ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ორ დრეში ვარშავის , ბალტიის ქვეყნების, ბუქარესტის აღება შეუძლია. ეს მეზობლების მიმართ ღია მუქარაა", - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

„თუ მას (პუტინს) ამის საშუალებას მივცემთ, ის კიდევ უფრო შორს წავა. პრობლემა ისაა, რომ დღეს პუტინი მზადაა ომისთვის, ევროპას და დასავლეთს კი ომი არ სურთ. ევროპაში და მსოფლიოში არ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც პუტინის შეჩერება შეუძლიათ. შემდგომში ჩვენ გაგვიკვირდება, როდესაც ახალი ტერიტორიები იქნება დაპყრობილი, ახალი ქვეყნები გაიხლიჩება და ეს ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება და შესაძლოა უკვე ძალიან გვიანიც იქნება", - განაცადა ლიტვის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა იგი რუსეთის თავდასხმას ბალტიის ქვეყნებზე, ლიტვის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იმს შემთხვევაში, თუ პუტინს უკრაინაში არ შეაჩერებენ, იგი უფრო შორს წავა. მისი აზრით, შესაძლოა პუტინი ვერც NATO-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლმა შეაჩეროს, თუ ის მსოფლიო ლიდერებისგან რეალურ ქმედებებს არ დაინახავს.

„ომის თავიდან აცილება შესაძლებელია. თუ ორივე მხარი ომისთვის მზად არის, ის არასდროს მოხდება. როდესაც რუსეთი მზადაა ომისთვის, დასავლეთი კი თავს არიდებს, რუსეთი ისე შორს წავა, როგორც შეზლებს", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

მისი აზრით, ევროპამ უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების მიუღებელი პირობები თავს მოახვია.

კომენტარები