უელსის სამიტი

NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაცია საქართველოს შესახებ

NATO-მ უელსის სამიტის დეკლარაციის ტექსტი გამოაქვეყნა. ტაბულა გთავაზობთ დეკლარაციის იმ ნაწილებს, რომელშიც საქართველოს შესახებ არის საუბარი:

"ნატო აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რათა გააძლიეროს დემოკრატია და მოახდინოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზება.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის, ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას 2012 და 2013 წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

მოვუწოდებთ საქართველოს, რათა მან გააგრძელოს რეფორმების იმპლემენტაცია, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირება, სასამართლო რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის სრული პატივისცემის უზრუნველყოფა.

 NATO აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ISAF-ის ოპერაციაში და ითვალისწინებს იმ მსხვერპლს, რომელიც ქართულმა შეიარაღებულმა ჯარებმა გაიღეს ავღანეთში.

ეს კონტრიბუცია, საქართველოს შეთავაზებასთან ერთად, რომ მონაწილეობა მიიღოს NATO-ს საპასუხო ძალებში, აჩვენებს, საქართველოს როლს, როგორც წვლილის შემტანს  ჩვენს საერთო თავდაცვაში.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე, როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს.

მას შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და მიუახლოვდა NATO-ს ამბიციური რეფორმების გატარებით და NATO-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობით.

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს საჭირო ინსტრუმენტებს, რათა გაგრძელდეს საქართველოს წინსვლა სამომავლო გაწევრიანებისკენ.

დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ არსებით პაკეტს საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნებს, გაძლიერებულ კოორდინაციას და თავსებადობის ზრდის შესაძლებლობებს.

ეს ზომები მიზნად ისახავენ გააძლიერონ საქართველოს უსაფრთხოება და თავსებადობა ალიანსთან, რომელიც დაეხმარება საქართველოს წინსვლაში ალიანსის წევრობის გზაზე.

ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს მხრიდან ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას და სხვა მრავალმხრივი ღონისძიებების გატარებას ნდობის აღდგენისკენ.

მივესალმებით საქართველოს პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს იმავეთი. ასევე, კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს ითამაშოს კონსტრუქციული როლი და გააგრძელოს მჭიდროდ მუშაობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან, რათა მშვიდობიანად მოგვარდეს კონფლიქტი საქართველოს საერთაშორისოდ ცნობილ ტერიტორიაზე."

საქართველო ნახსენებია უელსის დეკლარაციის სხვადასხვა ნაწილშიც. „ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ასევე გაეროს ქარტიის  უგულებელყოფას. ვგმობთ რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკას საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკების მიმართ“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

ასევე დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მიღებულია თავდაცვის და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდის ინიციატივის ამოქმედების გადაწყვეტილება. ინიციატივის მიზანია, მსხვილი საბრძოლო ძალების განთავსების გარეშე უზრუნველყოს სტაბილურობა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ინიციატივა გავრცელდება საქართველოზე, იორდანიისა და მოლდოვის რესპუბლიკაზე“- ვკითხულობთ დეკლარაციაში.

კომენტარები