საიხან მუზაევი

ომბუდსმენი: საიხან მუზაევის საქმეს 2014 წლის თებერვლიდან ვსწავლობთ

საქართველოს სახალხო დამცველი ჩეჩნეთიდან ლტოლვილის, საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მის საქმეს ომბუდსმენის აპარატი 2014 წლის თებერვლიდან სწავლობს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში, საიხან მუზაევის მიერ დასმულ საკითხებთან და მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი წერილი გააგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში.

"2014 წლის 6 მაისს საიხან მუზაევის მიმოსვლის თავისუფლების სავარაუდო ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით კი, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რადგან შსს-ს ჩვენს არცერთ მიმართვაზე დღემდე პასუხი არ გაუცია. 2014 წლის 6 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორსაც, საიხან მუზაევის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლასა თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რადგან მიუხედავად მუზაევის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადებისა, გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული" - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ საიხან მუზაევს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. ნადირაშვილმა მუზაევი დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა. მუზაევი საქართველოს პარლამენტისგან გარანტიებს ითხოვს, რომ რუსულ მხარეს არ გადასცემენ. საიხან მუზაევის თქმით, მან უკვე მიმართა სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს და შს მინისტრს, მაგრამ მათ მისი განცხადებები არც განუხილავთ.

"უნდა მეთქვა, რომ [შს მინისტრის ყოფილი მოადგილე] გია ლორთქიფანიძე არის ლაფანყურის სპეცოპერაციის ორგანიზატორი და მან მოკლა ჩეჩნები. მე არაფერი ვიცი, უბრალო სტუდენტი ვარ და აქ როგორც ლტოლვილი ჩამოვედი. მე ვთხოვე, თავი დაენებებინათ ჩემთვის და არ ჩავერიე პოლიტიკურ საქმეებში. მათ ღიად მითხრეს, რომ თუ არ ვითანამშრომლებ, რუსეთის სპეცსასმსახურებს გადამცემდნენ. მათ შეასრულეს ყველაფერი, რაც მითხრეს, გამათავისუფლეს სამსახურიდან და არც ქვეყნიდან მიშვებენ. მე განცხადებებით მივმართე უჩა ნანუაშვილს, ეკა ბესელიას და ჭიაკიძეს, მათ არათუ პასუხი არ გამცეს, საერთოდ არ განიხილეს ჩემი განცხადებები", - ამბობს მუზაევი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხის გამოძიება უკვე დაიწყო.

ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა საიხან მუზაევმა ძალოვნები ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით ზეწოლაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. ის აცხადებდა, რომ სამართალდამცველები ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ჩვენების მიცემას და კონკრეტული გვარების დასახელებას აიძულებდნენ. 18 იანვარს მუზაევი ლონდონში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა საზღვარზე არ გაატარეს და არც მიზეზები განუმარტეს.

კომენტარები