პოლიტიკა

რუსეთის გავლენის ეკონომიკური ბერკეტები ევროპაში

საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია კონტროლი პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამ პრიორიტეტის რეალიზების შემადგენელი ნაწილია სომხეთის იძულება შეუერთდეს საბაჟო კავშირს, ზეწოლა მოლდოვაზე, რათა მან შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, მტრული პოლიტიკა უკრაინის და საქართველოს მიმართ, ისევე, როგორც მთლიანობაში ევრაზიული კავშირის შექმნისა და გაფართოების პროექტი.

ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებისას, რუსეთს სურს, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა მისი ექსპანსიისადმი იყოს მინიმალური და არ წარმოადგენდეს ევროპის ერთიან პოზიციას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ევროპის არა მხოლოდ დიდი, არამედ მცირე სახელმწიფოების პოზიციაც. მათგან თითქმის ყველა არის ევროკავშირის წევრი და მეტ-ნაკლებად შეუძლია გავლენის მოხდენა ევროპის დამოკიდებულებაზე რუსეთის პოლიტიკის მიმართ.

ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს. ევროპის ქვეყნების ნაწილის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების გარდა, მნიშვნელოვანია კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული კომპანიების მიერ ევროპული კომპანიების აქციების შეძენა და რუსეთის მიერ ევროპული ქვეყნებისთვის გაცემული კრედიტები. რა თქმა უნდა, ამ ტიპის ბერკეტები ავტომატურად ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ კრემლს შეუძლია განსაზღვროს ამა თუ იმ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა. მაგრამ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში კრემლს არც აქვს რაიმე შესაძლებლობა, ასეთ შედეგს მიაღწიოს. კიდევ ერთი ბერკეტია საინფორმაციო ომი, რომელსაც რუსეთი აქტიურად იყენებს კიდევაც, თუმცა ის ყოველთვის არ არის საკმარისი. ეკონომიკური „გაფართოება” კი აძლევს კრემლს დამატებით შანსს, გარკვეულწილად შეარბილოს ევროპის ზოგი ქვეყნის პოზიციები რუსეთის სამეზობლოში მისი აგრესიული და უსამართლო ქმედებების მიმართ.

ამავე დროს, მცირე და, ზოგ შემთხვევაში, ღარიბ აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებში რუსეთს აქვს შანსი, ჰქონდეს შედარებით დიდი ეკონომიკური გავლენა, რაც ნაკლებად შესაძლებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ეკონომიკურ ბერკეტებს რუსეთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებშიც იყენებს. ამის მაგალითებია ბელარუსის ენერგოკომპანია „ბელტრანსგაზის” 100%-ის შეძენა „გაზპრომის” მიერ 2011 წლის ნოემბრისთვის და შედეგად ამ ქვეყნის მილსადენების ფლობა, ბელარუსისთვის გაცემული მილიარდიანი კრედიტები, „გაზპრომის” მიერ სომხეთის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის 100%-ის შეძენა 2014 წლის იანვრისთვის, კრემლის შექმნილი სააქციო საზოგადოების „რუსეთის რკინიგზების” კონტროლი სომხეთის რკინიგზაზე, ტაჯიკეთის ფინანსური მხარდაჭერა და სხვა. ამ ქმედებების მნიშვნელოვანი მაგალითია 2013 წლის 17 დეკემბრის პუტინ-იანუკოვიჩის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, რუსეთი ჰპირდება უკრაინას 15 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს და გაზის ფასის მნიშვნელოვან შემცირებას. ყველასთვის ცხადია, რომ ამ ხელშეკრულებას აქვს კავშირი იანუკოვიჩის მიერ ევროინტეგრაციაზე ნათქვამ უართან, რაც გახდა უკრაინის ამჟამინდელი უმძიმესი კრიზისის მიზეზი. ცალკე საკითხია უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვის, სომხეთის, ლიტვის და ლატვიის დამოკიდებულება რუსულ ბუნებრივ აირზე. თუმცა, მოცემული სტატიის ძირითადი თემაა რუსეთის ეკონომიკური ბერკეტები ევროპაში (პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა). ქვემოთ მოყვანილია ამ ბერკეტების მაგალითები.

ავსტრია: „გაზპრომი” აკონტროლებს რამდენიმე გაზის სავაჭრო და მარკეტინგულ კომპანიას. 2012 წლის თებერვალში რუსულმა „სბერბანკმა” შეიძინა ავსტრიული VBI ბანკის 100%-იანი წილი, რამაც ასევე მოიცვა VBI-ის შვილობილი ბანკები ბოსნიაში, სერბეთში, სლოვენიასა და ხორვატიაში. რუსეთი არის ავსტრიისთვის გაზის საკვანძო მიმწოდებელი.

ბულგარეთი: „გაზპრომი” აკონტროლებს გაზის სავაჭრო და ტრანსპორტირების კომპანიას „ტოპენერგოს” და გაზის დისტრიბუციის კომპანიას „ოვერგაზს”. გაზით მომარაგების თვალსაზრისით, ბულგარეთი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.

კვიპროსის ფინანსურ სისტემაში ძალიან დიდია რუსული გავლენა. რუსებისთვის ეს ქვეყანა წარმოადგენს საკვანძო ოფშორს. ამ მოვლენის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ 2005-2011 წლების მონაცემებით, კვიპროსი ოფიციალურად იყო მესამე ადგილზე რუსეთში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, რაც გამოწვეულია რუსული ფულის მოძრაობით რუსეთიდან კვიპროსზე და იქიდან ისევ რუსეთში. ზოგადად, კვიპროსს კრემლთან ახლო ურთიერთობების დიდი ისტორია აქვს. ამის ბოლო გამოხატულებას ადგილი ჰქონდა 2014 წლის იანვარში, როდესაც კვიპროსმა ნება დართო რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ისარგებლონ პაფოსის საავიაციო ბაზით და ლიმასოლის პორტით.

პოლონეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსული ენერგორესურსების მიწოდებაზე, მაგრამ ცდილობს ამ ვითარების შეცვლას თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობით და ფიქლის გაზის მოპოვების პროექტის განვითარებით.

სერბეთი: 2013 წლის იანვარში რუსეთმა სერბეთს მისცა 5-წლიანი კრედიტი 800 მილიონი დოლარის ოდენობით, სერბული სატრანსპორტო სისტემის, უპირველეს ყოვლისა, რკინიგზის მოდერნიზაციისთვის. იმავე წლის აპრილში რუსეთმა ასევე მისცა სერბეთს 500 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი საბიუჯეტო დეფიციტის დასაფინანსებლად. აქედან 300 მილიონი დოლარი სერბეთს დაუყოვნებლივ გადაეცა. 2012 წლის ნოემბერში რუსეთი და სერბეთი შეთანხმდნენ ამ უკანასკნელში სამხედრო მანქანების წარმოებაზე, ექსპორტის მიზნით. ამის გარდა, „გაზპრომი” აკონტროლებს გაზის სადისტრიბუციო კომპანია „იუგოროსგაზს”. ამასთან ერთად, სერბეთის გაზით მომარაგება რუსეთზეა დამოკიდებული.

ევროპის ქვეყნების ნაწილის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების გარდა, მნიშვნელოვანია კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული კომპანიების მიერ ევროპული კომპანიების აქციების შეძენა და რუსეთის მიერ ევროპული ქვეყნებისთვის გაცემული კრედიტები.

უნგრეთი: 2011 წლის მაისში უნგრეთმა გამოისყიდა ნავთობისა და გაზის კომპანია MOL-ის წილი, რომელსაც ფლობდა რუსული კომპანია „სურგუტნეფტგაზი”. ამ უკანასკნელს ეს წილი 2009 წელს ჰქონდა შეძენილი. უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მაშინ განაცხადა, რომ მისმა ხელისუფლებამ „უსაფრთხო ხელებში” დააბრუნა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კორპორაცია. თუმცა, შემდგომში, როგორც ჩანს, ორბანის დამოკიდებულებამ რუსული ეკონომიკური გავლენის მიმართ ცვლილება განიცადა, რადგან 2014 წლის 14 იანვარს მან და პუტინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, რუსეთი მისცემს უნგრეთს 13.7 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს, რომელიც უნდა მოხმარდეს უნგრეთში არსებული ატომური ენერგოსადგურის განახლებას. კრედიტის დაბრუნების ვადა 30 წელია. ასევე, რუსეთი არის უნგრეთის გაზით მომარაგების ძირითადი წყარო.

ჩერნოგორია: რუსული ბიზნესი დომინირებს ჩერნოგორიის ეკონომიკაში, ხოლო ამ ქვეყნის უძრავი ქონების დიდ ნაწილს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. ჩერნოგორია ასევე დამოკიდებულია რუსეთზე გაზით მომარაგების თვალსაზრისით.

ჩეხეთი: „გაზპრომი” აკონტროლებს გაზის სადისტრიბუციო კომპანია „ვემექსს”. 2011 წლის სექტემბერში „გაზპრომმა” შეიძინა 51%-იანი წილი ჩეხურ „RSP Energy”-ში, რომელიც არის ჩეხი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელი. ჩეხეთი გაზით ძირითადად რუსეთიდან მარაგდება.

ამის გარდა, რუსეთი არის გაზის ძირითადი წყარო თურქეთისთვის, მაკედონიისთვის, საბერძნეთისთვის, სლოვაკეთისთვის, სლოვენიისთვის, ფინეთისთვის და მნიშვნელოვანი მიმწოდებელი გერმანიისთვის, იტალიისთვის, რუმინეთისა და ხორვატიისათვის.

მომავალში რუსული გაზის როლი შესაძლოა შემცირდეს ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიული გზების, ასევე თხევადი გაზის ტრანსპორტირების და ფიქლის გაზის ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე. მაგრამ სანამ რუსეთს გააჩნია ენერგორესურსების კოზირი, ის ცდილობს და ეცდება მის მაქსიმალურად გამოყენებას. საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ გაზზე შესაძლოა გაიზარდოს „სამხრეთის ნაკადის” გაზსადენის პროექტის განხორციელების შემთხვევაში. არსებული გეგმით, ეს მილსადენი გაივლის ბულგარეთის, სერბეთის, უნგრეთის, სლოვენიისა და ავსტრიის ტერიტორიაზე.

ის, რომ რუსეთის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა და ფინანსური ოპერაციები მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან, პრაქტიკულად, ყველასათვის ცხადია. ამის კარგი მაგალითია 2008 წლის ისლანდიის შემთხვევა. მაშინდელი კრიზისის შედეგად, ეს ქვეყანა აღმოჩნდა ფინანსური კოლაფსის წინაშე. იმ წლის შემოდგომაზე ისლანდიამ დაიწყო მოლაპარაკება რუსეთთან 4 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის მიღების თაობაზე. როგორც შემდეგ WikiLeaks-ის მეშვეობით ცნობილი გახდა, აშშ-ის დიპლომატების ნაწილი შიშობდა, რომ რუსულ კრედიტს შეიძლება მოჰყოლოდა რუსეთის მიერ ისლანდიაში არსებული კეფლავიკის საავიაციო ბაზით სარგებლობა და ისლანდიური გაზისა და ნავთობის რუსული კომპანიების ხელში ჩავარდნა. შემდგომში რუსულ-ისლანდიური მოლაპარაკებები ჩაიშალა, ისლანდიამ კი ფინანსური დახმარება სხვა წყაროებიდან მოიპოვა.

კიდევ ერთი მაგალითია 2006 წელს გავრცელებული ხმები „გაზპრომის” გეგმების შესახებ, შეიძინოს ბრიტანული გაზისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „სენტრიკა”. ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა სკანდალი ბრიტანულ მედიაში, რომლის ბევრი წარმომადგენელი აპროტესტებდა მსგავს გეგმას.

ევროპის ფარგლებს გარეთ რუსეთი ეკონომიკური აქტიურობის სხვა ფორმებსაც იყენებს. მაგალითად, იარაღით ვაჭრობას. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ეს აქტიურობა მოსკოვის მიერ გამოიყენება მისი პოლიტიკური ინტერესების მხარდასაჭერად. ამ კუთხით საინტერესო მაგალითია გაეროს ყოველწლიური რეზოლუციები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების შესახებ და იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებიც სხვადასხვა წლებში ამ რეზოლუციების წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას. ამ ნუსხაში შესულ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა სუდანი, ბოლივია, ინდოეთი, ეკვადორი, ზიმბაბვე, ირანი, ვიეტნამი, სირია და ვენესუელა, ბევრი არაფერი აკავშირებს არც აფხაზეთთან და, უმეტეს შემთხვევაში, არც ერთმანეთთან. მათი საერთო ნიშანი არის რუსეთისგან სამხედრო პროდუქციის შესყიდვა, ან მოლაპარაკებები ამის თაობაზე.

ევროპაში რუსეთის ეკონომიკური აქტიურობის ფორმა განსხვავებულია და ზემოთ ნახსენები ქმედებებით გამოიხატება. რთულია იმის ზუსტად შეფასება, ჯამში რამდენად შედეგიანია ეკონომიკის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების რუსული სტრატეგია ევროპის ქვეყნებში. თუმცა ფაქტია, რომ თავის საგარეო ოპერაციებში, პოლიტიკურ, სადაზვერვო, სამხედრო და საინფორმაციო ბერკეტებთან ერთად, რუსეთი აქტიურად იყენებს ეკონომიკურსაც.

კომენტარები