ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას საქმეზე არავითარი პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს.
"პოლიტიკური თანამდებობის სტატუსი არავის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. პროკურატურამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ასეთი მძიმე დანაშაული, როგორიც არის განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების უკანონოდ მითვისება, არ დარჩეს რეაგირების გარეშე. დეტალებში ჩვენ ვერ შევალთ. ეს არის გამოძიების საქმე და სასამართლოს კომპეტენცია", - თქვა ბესელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მხარემ დღეს მისი დაპატიმრება მოითხოვოს. უგულავას თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს ის ოქმი აძლევს, რომელიც პროკურორმა მისი ქვეყნიდან გასვლის გამო შეადგინა. ამასთან, გუშინ უგულავამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ საქმეს მისი არასრულწლოვან შვილთან და გარდაცვლილ რეზო ადამიასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერები დაურთო.
უგულავას ეჭვს მისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შესახებ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უგულავასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების სამართლებრივი დევნის უკან პოლიტიკური მოტივებია.
"გამოვხატავ შეშფოთებასა და აღშფოთებას საქართველოს ხელისუფლების აშკარა ზრახვასთან დაკავშირებით, მოითხოვოს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წამყვანი ფიგურის, გიგი უგულავას პატიმრობა იმ მოტივით, რომ ქვეყანა დატოვა ირლანდიაში, დუბლინში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე დასასწრებად. ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი ევროპის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენაა, რომელსაც ევროპის წამყვანი პოლიტიკოსები ესწრებიან. დუბლინში ბატონი უგულავას ყოფნის წინასწარი დაკავების მოტივად მითითება არა მხოლოდ სასაცილოა, არამედ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბატონი უგულავასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების სამართლებრივი დევნის უკან პოლიტიკური მოტივებია. ზედმეტიცაა იმის აღნიშვნა, რომ დღევანდელი მთავრობის მიერ პოლიტიკური შურისძიების იარაღად შერჩევითი სამართლის გამოყენების გაგრძელება ნამდვილად საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას", - აღნიშნა პრეზიდენტმა დოლიმ.




