აღმოსავლეთ პარტნიორობა

აღმოსავლეთ პარტნიორობა: ვინ იქნება შემდეგი?

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის განხილვა გეოპოლიტიკურ კონტექსტში 2013 წლის შემოდგომამდე ნაკლებ რელევანტური იყო. რუსეთი აქტიურად არ ეწინააღმდეგებოდა თავისი გავლენის სფეროების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას ევროკავშირთან. NATO-სგან განსხვავებით, არასამხედრო თანამშრომლობა ევროკავშირთან იმ ოქროს შუალედად მოჩანდა, რომელიც თითქოს ყველა მხარისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ვილნიუსის სამიტამდე გასავლელი გზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხმა სახელმწიფომ, მოლდოვამ, სომხეთმა, უკრაინამ და საქართველომ მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ განვლეს. ბელარუსი და აზერბაიჯანი იმთავითვე არ ესწრაფოდნენ ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობასა და ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებას.

თუმცა, ევრაზიული კავშირის იდეის მომწიფებასთან ერთად, კრემლში გააცნობიერეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოება შეუქცევად ხასიათს იღებდა, რაც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ამბიციებს – შეინარჩუნოს კონტროლი პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამიტომ რუსეთმა არ დააყოვნა და ტრადიციული მეთოდებით ჯერ სომხეთი, მოგვიანებით კი უკრაინა აიძულა, უარი ეთქვა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

სომხეთსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს მნიშვნელოვანწილად ჩრდილი მიადგა. ღონისძიება, რომელსაც არაოფიციალურად „შედეგების სამიტსაც" უწოდებდნენ, მოლდოვისა და საქართველოს დუეტის იმედად დარჩა. იმ პირობებში, როცა სომხეთი, საქართველოს მსგავსად, თითქმის სამი წელი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ყველა ელოდა, რომ საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოც მოახდენდა დოკუმენტის პარაფირებას. თუმცა, სომხეთის პრეზიდენტის ერთი ვიზიტი კრემლში საკმარისი აღმოჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსის პოლიტიკა არ მუშაობს. სერჟ სარგსიანმა მოსკოვში ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება გაახმოვანა და სომხეთის მომავალი ევრაზიულ კავშირს დაუკავშირა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, სომხეთის პრეზიდენტს სხვა ალტერნატივა არც ჰქონდა. მანამ, სანამ რუსეთი ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ, სომხეთი ინიციატივის სამაგალითო ქვეყანას წარმოადგენდა. რეფორმებთან ერთად, სომხეთი იყო ერთადერთი სახელმწიფო პროევროპულ ოთხეულში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია არ ჰქონდა და ამას სათანადოდ აფასებდნენ კიდეც ბრიუსელში. თუმცა, სომხეთის მოკრძალებული ევროპული ამბიციებიც საბოლოოდ კრემლის ინტერესებს შეეწირა. ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ვლადიმირ პუტინის პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა და ამ მაგალითით ცხადი გახდა, რომ რუსეთის გეგმები ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ ყოველგვარი შეფარვის გარეშე ისაუბრა ვლადიმირ პუტინმაც. გიუმრიში გამართულ რუსულ-სომხურ რეგიონულ ფორუმზე, რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ აღნიშნა, რომ რუსეთი არ გეგმავს კავკასიის დატოვებას. აღსანიშნავია ასევე მის მიერ გამოყენებული ტერმინი – „ამიერკავკასია", რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მიდგომებს რეგიონში.
სომხეთის მონელების შემდეგ, რუსეთმა გაცილებით უფრო მსუყე ლუკმა მიიღო უკრაინის სახით. უკრაინაში არსებული შიდა პრობლემების გამო, ისედაც ეჭვქვეშ იდგა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირს უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა. რუსეთს საკმარისი ბერკეტი აღმოაჩნდა იმისთვის, რომ სომხეთის მსგავსად უკრაინის ევროპული მომავალიც დროებით შეეჩერებინა. უდავოა, რომ უკრაინის კრემლის ორბიტაზე შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პუტინის ევრაზიული კავშირის იდეის განსახორციელებლად. შესაბამისად, რუსეთი ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ უკრაინაზე კონტროლი არ დაკარგოს.

სომხეთისა და უკრაინის მოვლენების შემდეგ, მთავარი კითხვა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით არსებობს, საქართველოსა და მოლდოვის მომავალს უკავშირდება. რა მოხდება სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ? ვინ იქნება შემდეგი? ან იქნება კი შემდეგი საერთოდ?

მოლდოვა უკვე რამდენიმე წელია აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვან მოთამაშედ გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარება არც ისე სტაბილური იყო, მოლდოვამ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მაინც მოახერხა. ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობაც, სომხეთისა და უკრაინისგან განსხვავებით, მკვეთრად პროევროპულია, რამაც განაპირობა კიდეც მოლდოვის სწრაფი პროგრესი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. თუმცა, მოლდოვაში დღეს არსებული ვითარება სიმშვიდის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის კვალდაკვალ, მძაფრდება ვითარება დნესტრისპირეთის ირგვლივ. ცოტა ხნის წინ სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ რუსული კანონმდებლობა მიიღო, რაც ცალსახად მეტყველებს რეგიონის პოლიტიკურ პრეფერენციებზე. დე ფაქტო ლიდერ ევგენი შევჩუკის განცხადებით, რუსულ საკანონმდებლო სივრცეზე გადასვლა დნესტრისპირეთის სუვერენული არჩევანია. მისივე თქმით, მოლდოვის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების შემდეგ, დნესტრისპირეთის პრიორიტეტი ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაცია იქნება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც თავი ახლახან იჩინა, გაგაუზიის ავტონომიურ ერთეულს შეეხება. მეტწილად ეთნიკური თურქებით დასახლებული, თურქულად და რუსულად მოსაუბრე მართლმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია სინამდვილეში რუმინეთთან შეერთების გეგმის ნაწილია. გაგაუზიის გუბერნატორის მიჰაილ ფორმუზალის განცხადებით, მოლდოვისთვის აჯობებს, თუ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანა საბაჟო კავშირის წევრი იქნება. მისი აზრით, ეს ქვეყნის მოდერნიზებისა და ეკონომიკის აყვავების საფუძველი გახდება. უფრო მეტიც, გუბერნატორი მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლა და 155-ათასიან რეგიონში საბაჟო კავშირში ინტეგრაციის თაობაზე რეფერენდუმი ჩაატარა. მოლდოვის ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, თებერვლის დასაწყისში გაგაუზიის ავტონომიურ რეგიონში რეფერენდუმი მაინც შედგა. შედეგი კი მოლდოვისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. გაგაუზიელი ამომრჩევლის 98.4%-მა მხარი საბაჟო კავშირში ინტეგრაციას დაუჭირა. მეორე შეკითხვაზე კი, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას შეეხებოდა, ამომრჩეველთა 97.2%-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. უფრო მეტიც, რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობის 98.9%-მა გაგაუზიის დამოუკიდებლობის იდეას მხარდაჭერა გამოუცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეფერენდუმში გაგაუზიელების 70%-მა მიიღო მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის სასამართლომ რეფერენდუმის შედეგები სამართლებრივად არ აღიარა, მიღებული შედეგები მაინც საგანგაშოა და სამომავლოდ დიდ საფრთხეებს შეიცავს. რუსეთი სხვა ბერკეტებთან ერთად, სავარაუდოდ, ასევე ეცდება სეპარატიზმის წახალისებას გაგაუზიაში, რაც ისედაც არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ ერთი „გაყინული კონფლიქტი" მოლდოვას უკვე აქვს დნესტრისპირეთის სახით. ნაკლებსავარაუდოა, რომ მოლდოვურ ღვინოზე დაწესებული ემბარგო საკმარისი აღმოჩნდება ქვეყნის საგარეო კურსის განსასაზღვრად, შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი სხვა ფრონტზეც გააქტიურდება.

აღსანიშნავია, რომ გაგაუზიაში რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობოდა მოლდოვის ოპოზიციური სოციალისტური პარტიაც, რომელიც გამოირჩევა თავისი ანტიევროპული პოზიციით. მოლდოველ კომუნისტებს შესწევთ იმის ძალა, რომ მოახდინონ მხარდამჭერების მობილიზება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ, რაც დადასტურდა კიდეც ვილნიუსის სამიტამდე ჩატარებული მრავალათასიანი აქციებით.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოლდოვას წინ გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზა ელოდება. ევროკავშირიც ნაწილობრივ ჩაერთო რუსეთთან გეოპოლიტიკურ თამაშში და ცდილობს, მოლდოვასა და საქართველოსთან შეთანხმების გაფორმება დააჩქაროს. თუმცა, უკრაინის მოვლენებმა ისიც აჩვენა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ჩვეულ არაეფექტურ რეჟიმში მუშაობს. მოლდოვასა და საქართველოს კი ახლა პროაქტიული და მკაცრი ევროკავშირი სჭირდებათ, რომელიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს სათანადო რეაქციით უპასუხებს.

საქართველოსთან დაკავშირებით, ერთი შეხედვით, საფრთხეები თვალსაჩინო არ არის. ქვეყნის ეკონომიკა უკვე გაუმკლავდა 2006 წელს რუსეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს. შესაბამისად, ქართულ პროდუქციაზე ხელახალი შეზღუდვების დაწესება ქვეყნის ეკონომიკისთვის გადაულახავი დარტყმა ვერ იქნება. ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რაც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ გააჩნდა, უკვე გამოიყენა. სეპარატისტული რეგიონების აღიარებით კრემლმა საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემით მანიპულირების შესაძლებლობა ნაწილობრივ დაკარგა. ის ფაქტი, რომ საქართველო რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული არ არის, ასევე ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.
რუსეთის ფაქტორის გარდა, საქართველოს ხელისუფლება ყველა სივრცეში და ნებისმიერ დონეზე ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც საქართველოს ერთმნიშვნელოვნად განასხვავებს სომხეთისა და უკრაინისგან. საგულისხმოა ისიც, რომ ამ საკითხის ირგვლივ, საქართველოში არსებულ ძირითად პოლიტიკურ ძალებს კონსოლიდირებული პოზიცია აქვთ, რაც ქვეყნის შიგნით შესაძლო საფრთხეებს მნიშვნელოვნად ამცირებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, „ხვალ რომ რეფერენდუმი იყოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერდით მხარს თუ არა?", მოსახლეობის 83% დადებითად პასუხობს. არც სომხეთში და, მით უმეტეს, არც უკრაინაში ევროკავშირთან ინტეგრაცია ამხელა მხარდაჭერით არ სარგებლობს, რაც ერთმნიშვნელოვნად აიოლებს საქართველოს ხელისუფლების წინაშე არსებულ ამოცანებს. თუმცა, ყველა ზემოთქმული არგუმენტი არასაკმარისად მყარია, როცა საქმე ეხება, ერთი მხრივ, რუსეთის ამბიციებს და, მეორე მხრივ, ევროკავშირის შესაძლებლობებს, ჩაებას კრემლთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სერიოზული პოლიტიკური დასაყრდენი საქართველოში ნაკლებად აქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე და შემდგომ რატიფიცირების არცთუ ისე მოკლე პერიოდის განმავლობაში, კრემლი საქართველოს წინააღმდეგ არაერთ პროვოკაციას მიმართავს. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე შეიძლება უშუალოდ ევროკავშირთან ინტეგრაციის იდეის მარგინალიზების მცდელობა იყოს. გეი-ქორწინება და უმცირესობების უფლებები ის სენსიტიური და არაპოპულარული საკითხებია, რომლის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე მიბმასაც უკვე ცდილობენ ცალკეული ჯგუფები. პირველ რიგში ეს ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მასთან აფილირებულ რადიკალურ დაჯგუფებებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ევროკავშირთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, იზრუნოს მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია ეკლესიის მიმართ, რომ აღნიშნული ინსტიტუციის მხრიდან პროცესზე ნეგატიური ზეგავლენის შესაძლებლობა თავიდან იქნას აცილებული. განსაკუთრებით ეს შეეხება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და რომელიც, დიდი ალბათობით, საქართველოში ვნებათაღელვის საგანი გახდება.

კომენტარები