ბოკერიას წერილი Foreign Policy-ში

ბოკერია: საქართველოს ახალი ხელისუფლება იანუკოვიჩის ნაბიჯებს მიჰყვება

გამოცემა Foreign Policy ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივნის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, გიგა ბოკერიას წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მთელ რეგიონში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის გამო აშშ და ევროპა ეძებენ გზებს, რომ მხარი დაუჭირონ ევროპის პერიფერიაზე მყოფ საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მისი თქმით, ნამდვილად არის საჭიროება, გაეცეს მტკიცე პასუხი ვლადიმირ პუტინის პერმანენტულ მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს.

”თვეზე მეტის განმავლობაში, მსოფლიო გახდა მოწმე უკრაინელი დემონსტრანტების სიმამაცისა და თავგანწირვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. კიევის ქუჩებში არეულობისა და მთელ რეგიონში სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ეძებენ გზებს, რათა მხარი დაუჭირონ ევროპის პერიფერიაზე მყოფ საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ შეხვდა პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 24 თებერვალს თეთრ სახლში. ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავდა იმას, რომ ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერა ეჩვენებინა და ასევე იმის ჩვენებას, რომ ქართველებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

ნამდვილად არის საჭიროება, გაეცეს მტკიცე პასუხი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პერმანენტულ მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს. როდესაც მთელი ყურადღება უკრაინაზე არის მიპყრობილი, კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსულმა ჯარმა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მავთულხლართები გაავლო და საქართველოს ტერიტორიაში უფრო ღრმად შემოიჭრა. მავთულხლართების გავლების პროცესი სოჭის ოლიმპიადის გამო დროებით შეჩერდა და მაშინვე განახლდა, როგორც კი ოლიმპიური ალი ჩაქრა.

ამერიკა დიდი ხანია, დგას საქართველოს გვერდით. მან წვლილი შეიტანა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებასა და დემოკრატიის შენებაში. იმედია, ობამას ადმინისტრაცია დააჯილდოებს ამ პარტნიორობის მიღწევებს შემდეგ სამიტზე საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე ბიძგის მიცემითა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის გაგრძელებით - სამიტზე, როემლიც ბრიტანეთში სექტემბერში გაიმართება”, - წერია წერილში.

ბოკერია აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველო იმავე ტრაექტორიაზეა, რაზეც უკრაინა, სადაც პრეზიდენტ იანუკოვიჩის მისწრაფებამ, დაეპატიმრებინა პროდასავლური ოპოზიცია, დააჩქარა მიმდინარე კრიზისი.

”სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველო იმავე ტრაექტორიაზეა, რაზეც უკრაინა, სადაც პრეზიდენტ იანუკოვიჩის მისწრაფებამ, დაეპატიმრებინა პროდასავლური ოპოზიცია, დააჩქარა მიმდინარე კრიზისი. 2012 და 2013 წლების თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ გამოიყენა სასამართლო, რათა დაეპატიმრებინა რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტი, ყოფილი პრემიერმინისტრის ჩათვლით, რომელიც ამჟამად ძირითადი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გენერალური მდივანია. სასამართლო ასევე გამოიყენეს, რომ მოეშორებინათ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი. Human Rights Watch-ზე დაყრდნობით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ 35 წარმომადგენელზე გამოძიება მიმდინარეობს და პარტიის 6000 აქტივისტი დაკითხეს - თუმცა, საკუთრივ ნაციონალური მოძრაობის მონაცემებით, ეს რიცხვები ორჯერ მეტია.

ბოლო კვირების განმავლობაში, როდესაც ღარიბაშვილი ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავდა, სამ ადგილობრივ მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს თაღლითობის ბრალდებით და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანის ადვოკატი დააპატიმრეს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას ეწინააღმდეგებოდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც ივნისში ტარდება”, - აღნიშნავს ბოკერია.

ბოკერია პოლიტიკური ოპონენტების დევნის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. 

”ღარიბაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ყოფილი მმართველი პარტია არ შეიძლება იყოს მიღებული ლეგიტიმურ ოპოზიციად, რომ მას არ აქვს უფლება გააკრიტიკოს ხელისუფლება და ის უნდა გაქრეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტიდან. როგორც იანუკოვიჩი, ახალი ხელისუფლება თავის მოქმედებებს ამართლებდა კანონის უზენაესობის საჭიროებითა და წარსულში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებით. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების საქმეებს, ნათლად გამოჩნდება პოლიტიკური მოტივები, მუქარა, ზეწოლა მოწმეებსა და მოსამართლეებზე, ყალბი მტკიცებულებები და შერჩევითი სამართალი.

მსგავსად იანუკოვიჩისა, რომელსაც ნოემბერში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უკან დახევამდე პროევროპული კურსი ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლებაც პროევროპული პოლიტიკის მომხრეა, ისევე როგორც მისი წინამორბედები იყვნენ - ამ პოლიტიკას ქართველი ხალხი ითხოვს. თუმცა, ამავდროულად ხელისუფლება დაკავშირებულია იმ ძალებთან, რომლებიც ღიად ემტერებიან დასავლეთთან ინტეგრაციის იდეას და ვითომ ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ. ტრადიციულ ღირებულებებში კი ზუსტად იმას გულისხმობენ, რასაც პუტინი - როდესაც ის ანტიგეი კანონმდებლობის საჭიროებაზე საუბრობს. ამ ღირებულებების მქონე დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს და სხვა პროდასავლურ კრიტიკოსებს”, - წერია ბოკერიას წერილში.

ბოკერია ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კრიტიკაზეც საუბრობს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ძლიერი დემოკრატია არ არის ყოველთვის საკმარისი პუტინის ზეწოლის გასამკლავებლად.

”ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობაზე მთავრობის კრიტიკა უკავშირდება იმას, რომ ნაცვლად დემოკრატიის მშენებლობისა, ჩვენ უფრო მეტად ფოკუსირებული ვიყავით სახელმწიფოს მშენებლობაზე. და რეტროსპექტივაში - მიუხედავად შეუმდგარი ქვეყნის ტრანსფორმირებისა, ეკონომიკის რეფორმირებისა და აშენებისა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრისა - ბევრად მეტი უნდა გაგვეკეთებინა დემოკრატიის გასაძლიერებლად გარკვეული მიმართულებებით - იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა აშკარა საგარეო საფრთხეებს უკეთ გამკლავებოდა.

2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩვენი მოკავშირეები გვახსენებდნენ, რომ საუკეთესო თავდაცვა საქართველოსთვის ძლიერი დემოკრატია იყო. თუმცა, ძლიერი დემოკრატია არ არის ყოველთვის საკმარისი პუტინის ზეწოლის გასამკლავებლად. აბსლუტურად სწორია, რომ კრემლის გავლენა ხარობს გარდამავალ და ახალ დემოკრატიებში, იმიტომ, რომ ამ ქვეყნების ბუნებით, მათ აქვთ შედარებით სუსტი პარტიული სისტემები და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ინსტიტუტები. ეს იყო ზუსტად ის, რაც მოხდა იანუკოვიჩის უკრაინაში”, - აღნიშნავს ბოკერია.

დასასრულს, ბოკერია წერს, რომ საქართველო არ უნდა გაჰყვეს უკრაინის გზას, სადაც იანუკოვიჩმა ოპოზიცია სამართლებრივი დევნითა და დაშინებით მოიცილა.

”საქართველო არ უნდა გაჰყვეს იმავე გზას. ახლა მან უკვე ჩააბარა ლიბერალური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ტესტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მშვიდობიანი ჩამოცილებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტესტი არ ჩაფლავდეს იმავეს მცდელობით, რაც იანუკოვიჩმა გააკეთა, მოიცილა ყოფილი მმართველი პარტია, როგორც ოპოზიცია, სამართლებრივი დევნითა და დაშინებით.

სანამ არსებობს განსხვავებები საქართველოსა და უკრაინას შორის, ეს ტენდენცია თუ არ შეიცვალა, მივიღებთ გარდამავალ დემოკრატიას რუსეთის პერიფერიაზე, რომელიც არის სუსტი და ადვილად მართვადი, შიდა სისტემებში კორუფციითა და დესტაბილიზაციით”, - წერია გიგა ბოკერიას წერილში.

 

კომენტარები