ბოკერიას წერილი Foreign Policy-ში

ბერძენიშვილი: იანუკოვიჩსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პარალელი უწესობაა

რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, ის ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას "დეკვალიფიკაციით გაკვირვებულია". აღნიშნული მან Foreign Policy-ზე გამოქვეყნებულ გიგა ბოკერიას წერილზე თქვა, სადაც ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება იანუკოვიჩის ნაბიჯებს მიჰყვება.

"მე ვარ გაკვირვებული გიგა ბოკერიას დეკვალიფიკაციით და იმით, რომ ის ვიქტორ იანუკოვიჩთან ჩვენი ხელისუფლების ანალოგიას ავლებს. ასეთ არაკვალიფიციურობაში ამ დრომდე ის შემჩნეული არ ყოფილა. ეს არის მთავარი საკითხი დღეს - როცა აშშ-ში საქართველოს პრემიერის ძალიან წარმატებული ვიზიტის შემდეგ (რაც სახელმწიფოსთვის არის წარმატებული და ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ქართული ოცნების კი არა, საქართველოს პრემიერმინისტრია), გაკოტრებული პოლიტიკური ძალის გაკოტრებული წარმომადგენელი ასეთ პარალელს ავლებს იანუკოვიჩსა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას შორის. ეს არ არის მარტო უწესობა, ეს არის არაკვალიფიციურობაც. ამის თაობაზე თუ რომელიმე პოლიტიკოსს ხელისუფლების მხრიდან მკვახე დამოკიდებულება აღმოაჩნდება, ეს არ უნდა გვიკვირდეს, ეს ნორმალურია", - თქვა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებს, თავის დროზე ლიდერად გამოცხადებული დავით ბაქრაძე აქციოს რეალურ ლიდერად.

"ნაციონალური მოძრაობის სახელით ჯერ კიდევ ლაპარაკობენ და ებღაუჭებიან ამ პოზიციას ნდობის რეიტინგებით ბოლო ადგილებზე მყოფი ბოკერია, მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და ა.შ. თუ ნაციონალური მოძრაობისთვის ბოკერია და მისი კამპანიაა რეალური ლიდერები და არა ბაქრაძე და მისი მხარდამჭერები, მაშინ ნაციონალური მოძრაობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება და მე ამაზე გული არ დამწყდება. თვითმმართველობის არჩევნებში გამოჩნდება, ნაციონალური მოძრაობა მეორე-მესამე ადგილისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციას გაუწევს კონკურენციას თუ ვერ გაუწევს, თორემ ვინ იგებს არჩევნებს, ეს ეჭვის ქვეშ არ დგას - კოალიცია არის ფავორიტი", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

გიგა ბოკერია Foreign Policy-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერს:

"ღარიბაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ყოფილი მმართველი პარტია არ შეიძლება იყოს მიღებული ლეგიტიმურ ოპოზიციად, რომ მას არ აქვს უფლება გააკრიტიკოს ხელისუფლება და ის უნდა გაქრეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტიდან. როგორც იანუკოვიჩი, ახალი ხელისუფლება თავის მოქმედებებს ამართლებდა კანონის უზენაესობის საჭიროებითა და წარსულში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებით. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების საქმეებს, ნათლად გამოჩნდება პოლიტიკური მოტივები, მუქარა, ზეწოლა მოწმეებსა და მოსამართლეებზე, ყალბი მტკიცებულებები და შერჩევითი სამართალი.

მსგავსად იანუკოვიჩისა, რომელსაც ნოემბერში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უკან დახევამდე პროევროპული კურსი ჰქონდა, საქართველოს ხელისუფლებაც პროევროპული პოლიტიკის მომხრეა, ისევე როგორც მისი წინამორბედები იყვნენ - ამ პოლიტიკას ქართველი ხალხი ითხოვს. თუმცა, ამავდროულად ხელისუფლება დაკავშირებულია იმ ძალებთან, რომლებიც ღიად ემტერებიან დასავლეთთან ინტეგრაციის იდეას და ვითომ ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ. ტრადიციულ ღირებულებებში კი ზუსტად იმას გულისხმობენ, რასაც პუტინი - როდესაც ის ანტიგეი კანონმდებლობის საჭიროებაზე საუბრობს. ამ ღირებულებების მქონე დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს და სხვა პროდასავლურ კრიტიკოსებს.

ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობაზე მთავრობის კრიტიკა უკავშირდება იმას, რომ ნაცვლად დემოკრატიის მშენებლობისა, ჩვენ უფრო მეტად ფოკუსირებული ვიყავით სახელმწიფოს მშენებლობაზე. და რეტროსპექტივაში - მიუხედავად შეუმდგარი ქვეყნის ტრანსფორმირებისა, ეკონომიკის რეფორმირებისა და აშენებისა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრისა - ბევრად მეტი უნდა გაგვეკეთებინა დემოკრატიის გასაძლიერებლად გარკვეული მიმართულებებით - იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა აშკარა საგარეო საფრთხეებს უკეთ გამკლავებოდა.

2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩვენი მოკავშირეები გვახსენებდნენ, რომ საუკეთესო თავდაცვა საქართველოსთვის ძლიერი დემოკრატია იყო. თუმცა, ძლიერი დემოკრატია არ არის ყოველთვის საკმარისი პუტინის ზეწოლის გასამკლავებლად. აბსლუტურად სწორია, რომ კრემლის გავლენა ხარობს გარდამავალ და ახალ დემოკრატიებში, იმიტომ, რომ ამ ქვეყნების ბუნებით, მათ აქვთ შედარებით სუსტი პარტიული სისტემები და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ინსტიტუტები. ეს იყო ზუსტად ის, რაც მოხდა იანუკოვიჩის უკრაინაში".

დასასრულს, ბოკერია წერს, რომ საქართველო არ უნდა გაჰყვეს უკრაინის გზას, სადაც იანუკოვიჩმა ოპოზიცია სამართლებრივი დევნითა და დაშინებით მოიცილა.

"საქართველო არ უნდა გაჰყვეს იმავე გზას. ახლა მან უკვე ჩააბარა ლიბერალური დემოკრატიის მნიშვნელოვანი ტესტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მშვიდობიანი ჩამოცილებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტესტი არ ჩაფლავდეს იმავეს მცდელობით, რაც იანუკოვიჩმა გააკეთა, მოიცილა ყოფილი მმართველი პარტია, როგორც ოპოზიცია, სამართლებრივი დევნითა და დაშინებით.

სანამ არსებობს განსხვავებები საქართველოსა და უკრაინას შორის, ეს ტენდენცია თუ არ შეიცვალა, მივიღებთ გარდამავალ დემოკრატიას რუსეთის პერიფერიაზე, რომელიც არის სუსტი და ადვილად მართვადი, შიდა სისტემებში კორუფციითა და დესტაბილიზაციით", - წერია გიგა ბოკერიას წერილში.

 

კომენტარები