გიგი უგულავას საქმე

პრეზიდენტი მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე: ურთულესი იურიდიული საკითხია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის, თუ ვინ უნდა აღასრულოს გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება, ურთულესი იურიდიული საკითხია.

"ეს არის ურთულესი იურიდიული საკითხი. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ იურისტებისა და პოლიტიკოსების კომენტარები ამ საკითხზე, თუმცა ნათელი პასუხი პრაქტიკულად ვერავინ გასცა, შესაბამისად, მეც ვერ გაგცემთ პასუხს, ვინ უნდა აღასრულოს ეს გადაწყვეტილება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ცოტა ხნის გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებული გიგი უგულავა ქალაქის მერის თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება. სააპელაციო სასამართლო "საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე", უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ უგულავას აღარ აქვს უფლება განახორციელოს ქალაქის მერისათვის კანონით დადგენილი უფლებამოსილებები.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი აბესაძის თქმით კი, მოსაზრება, რომ სასამართლოს განჩინების მიღების შემდეგ, მერი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, სამართლებრივად მცდარია.

"სასამართლოს მიერ მითითებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს განჩინება აღნიშნავს პირის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც შესასრულებლად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, ანუ სასამართლოს არ აქვს უფლება, რომ პირი თანამდებობიდან გადააყენოს. თბილისის მერის შემთხვევაში მას, როგორც პირდაპირი გზით არჩეულ პირს, ზემდგომი ხელმძღვანელი არ ჰყავს, ვინც სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს", - ამბობს მერის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაზე უგულავას საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ის ღონისძიებად 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 22 დეკემბერს კი, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, მოსამართლემ დედაქალაქის მერს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას გათავისუფლება ძალაში დატოვა. უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები