მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საკითხი უნდა განვიხილოთ მთლიან კონტექსტში. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
„ვანო მერაბიშვილის განცხადება საერთოდ რომ არ ყოფილიყო, ჩვენ კიდევ უფრო მარტივად განვიხილავდით ამ საკითხს, მაგრამ ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის შაბათ გამთენიას ფარცხალაძემ გამოიყვანა საკნიდან, გადააფარეს თავზე, წაიყვანეს და იყო შანტაჟისა და მუქარის მცდელობა. ეს ფარცხალაძე არის ადამიანი, რომელმაც სწორედ იმ დღეს, როდესაც რასმუსენი იყო თბილისში მერიის 24 თანამშრომელი ყოველგვარი საბუთის გარეშე უბრალოდ ჩატენეს მანქანებში, აქეთ-იქით ატარეს და რომ ატყდა ამბავი დღევანდელი მთავრობისავე მიერ, რომ რასმუსენის ვიზიტის დროს რას აკეთებთო, ეს ადამიანები გაუშვეს. ეს საქმე თავისთავად არ არის გამოძიებული. ფარცხალაძე არის ადამიანი, რომელმაც მინარეთი, რომელიც უკვე აღადგინა ამ ხელისუფლებამ სოფელ ჭელაში, უბრალოდ მოხერხა იმ მოტივით რომ თითქოს განბაჟებული არ იყო და უნდა აეწონა მინარეთი. როცა ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე და აი, ამ კონტექსტში ჩნდება ის ინფორმაცია, რომ ის იყო გერმანიაში ყაჩაღი, ძალიან სერიოზული დილემის წინაშე ვდგებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, შეიძლება დღეს ხალხის ნაწილს მოსწონს ის ფაქტი, რომ მერაბიშვილის ტომარა ჩამოაცვეს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურად დევნიან და ეს ნაწილი შეიძლება უფრო რადიკალური ზომების მომხრეც იყოს, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წევრების დახვრეტის, მაგრამ ჭიაბერაშვილის თქმით, ეს არ არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპამდე მიიყვანს.
„თუ ასეთი პატიმარი ასეთ სენსიტიურ და მგრძნობიარე საქმეზე, რომელსაც გამადიდებელი შუშით უყურებს მთელი მსოფლიო - და მე მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ ჩვენს სასამართლო პროცესებს ქუთაისშიც და თბილისშიც ესწრებიან ეუთოს მონიტორები და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - თუ ასეთი პატიმრის მიმართ შეიძლება მსგავსი რამ გაკეთდეს, რამდენად დაცული არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს საპატიმროებში სასჯელს იხდიან“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, ამომრჩეველმა ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას მისცა ხმა იმისათვის, რომ ის ელოდა თვისობრივად განსხვავებულ ცხოვრებას. „მაგრამ ეს ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არ ელოდებოდნენ იმას, რომ დღეს საინფორმაციო სივრცე 90%-ით გადავსებული იქნებოდა იმ საკითხებით რაზედაც ვლაპარაკობთ. ახალი წელი მოდის და ადამიანები ვერ შესულან მაღაზიაში და ბაზარში და ამ ადამიანებს დღესაც ვესაუბრებით თემებზე, რომლითაც სავსე იყო ეთერი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. სამწუხაროდ, ეს გრძელდება და გრძელდება ძალიან მძიმე ფორმით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ამ კვირაში მთავრობას ძალიან ბევრი ლაქა დაუგროვდა, რაც ასე მარტივად არ მოიხსნება.
„ვანო მერაბიშვილის ბრალდება, ის ფაქტი, რომ ქალაქის არჩეული მერი მოსამართლემ გამოუშვა დარბაზიდან, განიხილა პროკურატურის ერთი შუამდგომლობა, მერე შებრუნდა სათათბირო ოთახში, ჩაუჯდა პროკურატურის მეორე შუამდგომლობას და თვითონ გიგი უგულავას და ადვოკატების გარეშე განიხილა ღამის პირველ საათზე და არჩეულ მერს უფლებამოსილება ასე შეუჩერა, ეს არის შემაშფოთებელი. საზოგადოებამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ - შეიძლება კანონის პირზე იარო, მაგრამ გვინდა კი ჩვენ ასეთი საზოგადოება?“ - განაცხადა ჭიბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა და ამის ნაცვლად ყველამ ერთად უნდა იმუშაოს ეკონომიკის ამოსაქაჩავად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.





