ოთარ ფარცხალაძის საქმე

საგანელიძე: ფარცხალაძეს რომც ჩაედინა დანაშაული, მას შემდეგ, დიდი ხანია გასული

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, ოთარ ფარცხალაძეს მართლაც რომ ჩაედინა დანაშაული, მას შემდეგ დიდი ხანია გასული და თანამდებობაზე ყოფნა არ ეკრძალება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ უფრო საინტერესოა, თავად გიგი უგულავამ გასცეს პასუხი პროკურატურის კითხვებს.

"ეჭვმიტანილი უგულავა გვიყვება, რომ დაახლოებით 15 წლის წინ გერმანიაში რაღაც ფაქტი მოხდა. თავისთავად ცხადია, ალბათ, ამ კითხვას პასუხი გაეცემა. მე ერთი ვიცი, გინდაც მომხდარიყო, მას დიდი ხნის ვადა აქვს გასული და არავის არაფერი არ ეკრძალება. უფრო საინტერესოა, გასცენ პასუხი იმ კითხვებს, რომელსაც პროკურატურა სვამს და საზოგადოებამ იცოდეს, ათობით მილიონი სად და როგორ იფლანგებოდა", - აცხადებს საგანელიძე. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ყველა გახმაურებულ ფაქტს სერიოზულად მოჰკიდა ხელი და დაიწყო შესწავლა, ოპოზიციას აქცენტები სხვა საკითხზე გადააქვს. 

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაბადებული 1976 წლის 18 ივნისს, 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით: ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი, პატიმრობა ერთი წელი და სამი თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისამართი: კარმელიტე გასე 12. დამატებითი სასჯელის სახით, ფარცხალაძეს განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მთავარმა პროკურატურამ კი, უგულავას განცხადება პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასა.

კომენტარები