გიგი უგულავას საქმე

პეტრიაშვილი უგულავას საქმეზე: პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არასერიოზულია

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო დღეს გაცილებით დამოუკიდებელი და თავისუფალია, ვიდრე აქამდე. როგორც პეტრიაშვილმა გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერების თემის კომენტირებისას აღნიშნა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ჰქონდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, შესაბამისად, უგულავას უფლებამოსილება შეუჩერდა.

"რადგან სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ მას ამის საფუძველი ჰქონდა", - თქვა პეტრიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, განცხადებები პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით არასერიოზულია.

"პოლიტიკური ველის გაწმენდაზე საუბარიც არასერიოზულია, ვინაიდან საარჩევნო გარემო აბსოლუტურად თავისუფალია", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბრის ღამეს უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა ღამის პირველ საათზე მიიღო. უგულავას ადვოკატის გიზო უგლავას თქმით, სასამართლომ თბილისის მერს უფლებამოსილება ზეპირი განხილვის გარეშე შეუჩერა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები