გიგი უგულავას საქმე

გაბაშვილი: უგულავას საქმე არის პოლიტიკური ოპონენტების მოშორების ნიმუში

financial.ge

გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოკა გაბაშვილმა თქვა, რომ საქმე არის შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ოპონენტების მოშორების კლასიკური ნიმუში.

"პროკურატურას ამოძრავებს ძალიან ცხადი ამოცანა. ისინი იყვნენ შუამდგომლობით შემოსულები, რომ პატიმრობა შეეფარდებინათ გიგი უგულავასთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. ვერ გატეხეს სასამართლო, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ცხადია სურვილი, რომ დაიჭირონ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების წინ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული სამიზნე არის გიგი უგულავა. ორი საქმე უკვე არსებობს მის წინააღმდეგ, ეს მესამე საპნის ბუშტია, რომელიც სასამართლოზე გასკდა საწყის ეტაპზე და გასკდება საბოლოოდ, როცა არსობრივი განხილვა იქნება ამისი. მათ დამატებით შეტანილი აქვთ კიდევ უფლებამოსილების შეწყვეტაზე, პანიკურ ნაბიჯებს დგამს პროკურატურა. ამ მხრივ გრძელდება სასამართლოზე ზეწოლა ამ წუთებშიც. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ბოლომდე გაუძლებს ამ ზეწოლას. საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური, ეს არის კლასიკური ნიმუში შერჩევითი სამართლის, კლასიკური ნიმუში პოლიტიკური ოპონენტების მოშორებისა.ეს არის მკაფიო ბელორუსიზაციის ნიშნები." - თქვა გაბაშვილმა.

თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლომ 50000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა. წინასასამართლო სხდომა კი 5 თებერვალს ჩაინიშნა.

მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები