გიგი უგულავას საქმე

უგულავა: მიუხედავად იმისა, რომ გირაო შემეფარდა, ბრძოლა არ არის დამთავრებული

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის შემდეგ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ გირაო შემეფარდა, ჯერ ბრძოლა არ არის დამთავრებული". მისივე თქმით, პროკურატურის არგუმენტები იყო უსუსური და შესაბამისად, სასამართლომ მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება. უგულავას თქმით, სასამართლო ხელისუფლებაზე მიმდინარეობს ზეწოლა.

უგულავას თქმით, მის წინააღმდეგ საქმეში" მთავარი მოწმეები არიან ნაციონალური მოძრაობიდან ოცნებაში გადაბარგებული ხაჩირიშვილი, რაფავა და ნინო თევდორაძე". 

დედაქალაქის მერის თქმით, სასამართლოს დღეს არ განუხილავს საკითხი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, რასაც პროკურატურა ითხოვდა. თუმცა, უგულავა არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ ეს საკითხი განიხილოს.

"მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. ბევრი პროექტი ბოლომდე უნდა მივიდეს, იქნება ეს ჩემი უფლებამოსილების შეჩერებამდე თუ არა", - თქვა უგულავამ. მისივე თქმით, გეგმა არსებობდა, რომ დაედგათ სპექტაკლი და "მათი სურვილი იყო არჩევნების წინ საქმიანობას ჩამოვეცილებინე".

გიგი უგულავამ ასევე თქვა, რომ დავით ნარმანიას შესთავაზა სუფთა საარჩევნო კამპანია, შედეგად კი მიიღო ის პროცესები, რაც განვითარდა.

გიგი უგულავას სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა. წინასასამართლო სხდომა კი 5 თებერვალს ჩაინიშნა.

კომენტარები