აგრარული უნივერსიტეტი

ლაშა გოცირიძე: დათხოვილი თანამშრომლები საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ

აგრარული უნივერსიტეტი

აგრარული უნივერსიტეტის ზესტაფონის ენოთეკის ირგვლივ ხმაურია. უნივერსიტეტიდან დათხოვილი თანამშრომლები და ქართული ოცნების ადგილობრივი აქტივის წარმომადგენლები უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მის მიხედვით, სხვადასხვა დაძველების ქართული საკოლექციო და რამდენიმე უცხოური ღვინო, რომელიც ახლა საცავშია, თბილისში უნდა გადმოიტანონ, სადაც შესაფერის კლიმატურ პირობებში შეინახება.

"ეს არის უნივერსიტეტის ღვინო და ჩვენ გვინდა ამ ღვინის ნორმალურ პირობებში შენახვა. სამწუხაროდ, ენოთეკა, რომელიც უნივერსიტეტს გააჩნია კატასტროფულ მდგომარეობაშია. 17 ათასი ღვინიდან, რომელიც იქ ინახებოდა, დაახლოებით 4500 ბოთლი ღვინო გაფუჭებული იყო. ადამიანები, ვინც იქ მუშაობდნენ, უპასუხისმგებლოდ თუ უნიათოდ ეკიდებოდნენ თავიანთ საქმეს. ამ ფაქტის გამო ეს ადამიანები გავათავისუფლეთ. მოვახდინეთ ამ ღვინოების აღწერა, გადასხმა, დაახლოებით 12 ათასი ბოთლი გადავარჩინეთ. შემდეგი ნაბიჯი, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი არის ის, რომ შენობის გარემონტება გვინდა. წყალი ჩადის, საშინელი ნესტია, სიბინძურეა. ეს სარემონტო სამუშაოები სასწრაფოდ არის ჩასატარებელი, თორემ დარჩენილი ღვინოებიც გაფუჭდება. ვერანაირი რემონტი ვერ ჩატარდება შენობაში, სადაც 12 ათასი მსხვრევადი ბოთლია", - ამბობს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე, რომელმაც მედიას გაფუჭებული ღვინის ბოთლების და საცავის მძიმე მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა მიაწოდა. მისივე თქმით, სამსახურიდან დათხოვილმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ სამსახურში დაბრუნება მოითხოვონ და მთელი პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ.

ზესტაფონელი ლარისა ჯიქია ამბობს, რომ ღვინოებს არავის გაატანენ. ზესტაფონის საკრებულოს წევრი კახა შავგულიძე ამბობს, რომ სრულად იზიარებს თანამშრომლების და ზესტაფონლების პოზიციას და ღვინის ბოთლების ხელყოფა და გატანა იქნება დაუშვებელი. "ამ საცავში მევენახეობის განვითარების ისტორიაა და ეს ზესტაფონის სიამაყეა. ბენდუქიძეს 6 ათას ლარად აქვს შეძენილი, მაშინ როცა 1 ბოთლის ღირებულება გაცილებით სჭარბობს ამ ღირებულებას", - აცხადებს შავგულიძე.

როგორც აგრარული უნივერსიტეტის რექტორი განმარტავს, ენოთეკა მეღვინეობის ინსტიტუტის საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ აგრარული უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, ამიტომ ცალკე ბოთლები არავის უყიდია. "ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული პრეტენზია, რომ ჩვენ სხვის ქონებას არ გავატანთ მეპატრონეს. ეს არ არის ყოფილი თანამშრომლების პირადი საკუთრება. მათ ჰქონდათ მინდობილი, ამ ღვინოების მოვლა, რასაც თავი ვერ გაართვეს. პირიქით, იმას მიაღწიეს, რომ 4500 ბოთლი ღვინო არის გაფუჭებული. ეს საკითხი არის ხელოვნურად პოლიტიზებული, არანაირი შინაარსობრივი საფუძველი არ გააჩნია. არ მგონია, რომელიმე გონიერმა ადამიანმა ხელი შეგვიშალოს ენოთეკის გადარჩენაში", - ამბობს გოცირიძე. 

კომენტარები