ინციდენტი სოფელ ხურჩაში

ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

2008 წელს ხურჩაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულებს, მალხაზ მურღულიასა და რომან შამათავას, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მოსამართლეს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოეყენებინა. ალტერნატივად კი, ადვოკატები მურღულიას შემთხვევაში 3000-ლარიან, ხოლო შამათავას შემთხვევაში, 5000-ლარიან გირაოს მოითხოვდნენ. 

ბრალდების მხარემ კი, დღევანდელ სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პროკურორ გიორგი კავსაძის თქმით, ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში, არსებობს დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვისა და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელისშეშლის საფრთხე.

"მალხაზ მურღულია სამეგრელოდან ჩამოიყვანა სამეგრელოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა "უზბეკამ" და როდესაც გავიგეთ, რომ მურღულია დაკითხვაზე მოჰყავდათ, ჩვენ მას დავახვედრეთ ე.წ. მოდულთან ადვოკატი. "უზბეკამ" მურღულიას უთხრა, რომ იმ დღეს არ დაკითხავდნენ. მურღულია მეორე დღეს თავისი ნებით, ისე, რომ არც ყოფილა დაბარებული, მაინც გამოცხადდა მოდულის შენობასთან ადვოკატთან ერთად, თუმცა ის მხოლოდ მესამე დღეს დაკითხეს. მას რომ მიმალვა სდომოდა, იგი ამ პერიოდს გამოიყენებდა", - აცხადებენ ადვოკატები გოგა ონიანი და რომეო საჯაია. მათი თქმით, საქმეში ბევრი შეუსაბამობა არსებობს. კერძოდ, გოგა ონიანის განცხადებით, ე.წ. ხურჩის აფეთქების საქმეში ხუთი მოქმედი სუს-ელი საკუთარ მონაწილეობას აღიარებს, თუმცა მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ადვოკატ რომეო საჯაიას შეფასებით კი, პროცესის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, დადასტურდება, რომ გამოძიება ემსახურება პოლიტიკურ კალენდარს და წინასაარჩევნოდ გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით ხმების მოპოვებას. ადვოკატის თქმით, დაკავებული მურღულია არის ჯარისკაცი, რომელიც ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას და მის მიმართ პატიმრობის გამოყენება იმას ნიშნავს, რომ იგი შერცხვება როგორც საკუთარი შვილების წინაშე, ასევე სახელი გაუტყდება მის ოჯახს. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მალხაზ მურღულიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარადგინეს, თუმცა ბრალდების მხარის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი პროცესუალური დარღვევით არის მოპოვებული. 

ხურჩაში მომხდარი აფეთქების საქმეზე ბრალი რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 22 ოქტომბერს დააკავეს. 

"2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შსს-ს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება. 2008 წლის 21 მაისს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სოფელ ხურჩაში მობილიზებულ იქნა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეშვეობით ზუგდიდში გამგზავრებას აპირებდა. დასახელებულ დროს, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა, აგრეთვე, მალხაზ მურღულიამ "ერ პე გე"-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები. აფეთქების შედეგად, სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ. ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ, ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებსა და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი", - თქვა შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება დამკვეთის და სხვა პირების გამოსავლენად გრძელდება.

კომენტარები