შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა

სააკაშვილი: რკინიგზის მშენებლობის შეჩერება ქვეყნის სიძულვილის ნიშანია

facebook.com/SaakashviliMikheil

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა მათ შეაჩერეს ვისაც თბილისი სძულს და ქვეყნის მომავალზე არ ფიქრობს - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდა. 

პრეზიდენტის განცხადებით, ენგურჰესის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა ასეთი მასშტაბის მშენებლობა, რომელსაც დედაქალაქის მერია და მერი გიგი უგულავა აწარმოებდა. სააკაშვილის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ისტორიული მასშტაბის მშენებლობა იყო. მისი მშენებლობის 80% დასრულებულია, ხოლო ამაში ასობით მილიონი ლარია დახარჯული და პროექტის შეჩერება ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებით მოხდა. "მე მინდა თბილისელებმა გაიგონ, რას ართმევენ თბილისს. ეს პროექტი როგორც კი დამთავრდებოდა, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საცობები. მეორე არის ის, რომ ეს არის ახალი ტერიტორია, სადაც აშენდება შენობები და პრაქტიკულად ქალაქის ახალი ცენტრიც შენდება. არც ვორონცოვის დროს, არც წინა საუკუნეებში, არც საბჭოთა დროის თბილისში არ ყოფილა ამ მასშტაბის მშენებლობა. რომელ ავადმყოფს მოუვიდა თავში ამის შეჩერება. უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ეს ისტორიული მშენებლობა გააჩერო. რატომ გააჩერეს?! მომიყვანეთ ერთი რაციონალური არგუმენტი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაშენებდით” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს აზრზე მოვიდეს და საქმის კეთება დაიწყოს. ”მე მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს, იმიტომ, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია ეს. ეს არის თბილისის მომავალი. საქართველოში ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო დღეს მძიმე საფრთხის წინაშეა. "რამდენიც არ უნდა აყალბონ ეკონიმიკური განვითარების ციფრები, როგორც აყალბებენ დანაშაულის ციფრებს, აი, რატომ არის გაჩერებული განვითარება. ვიღაცა ზის კაბინეტში, არ უნახავს ალბათ არასდროს არაფერი. არ გამოდის იქიდან. გააჩერეს ეს პროექტი, რადგან მიშა და გიგი აშენებდნენ. ეს იმის გაკეთებულია, ვისაც თბილისი სძულს და ქვეყნის მომავალი არ უნდა. მე იშვიათად ვყოფილვარ ასე გაბრაზებული. ეს ყველა საზღვარს სცდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს მშენებლობის პროექტი წარუდგინა და აღნიშნა, რომ ეს მშენებლობა მაინც გაგრძელდება და პროექტის მიხედვით დაგეგმილი შენობები აშენდება.

პრეზიდენტის თქმით, იმედია, ახალი მთავრობა ტელევიზორში მაინც ნახავს, თუ რა შეაჩერა. "ხალხნო, აზრზე უნდა მოვიდეთ. წყალსაც წავუღივართ მე და გიგი, მაგრამ ამას ნუ წავაღებინებთ წყალს!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ ამ პროექტის მშენებლობა არ გაგრძელდა, ის აუცილებლად დაიშლება და ჩამოინგრევა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ შემოვლითი რკინიგზის პროექტი დააკონსერვა. 

კომენტარები