NATO-საქართველო

რასმუსენი სააკაშვილზე: პოლიტიკოსის საზომი ძალაუფლების სხვისთვის გადაცემაა

facebook.com/andersfoghrasmussen

"პოლიტიკოსის ჭეშმარიტი საზომი არის არა მხოლოდ ის, თუ როგორ მოიპოვებ ძალაუფლებას, არამედ როგორ გადასცემ მას სხვას", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრისას.

რასმუსენმა ბიძინა ივანიშვილს ოქტომბერში ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება მიულოცა, ასევე ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის წვლილს:

"გასულ ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანად გამოიცვალა. ვულოცავ პრემიერ ივანიშვილს. ასევე, უნდა აღვნიშნო პრეზიდენტ სააკაშვილის წვლილი, რადგან პოლიტიკოსის ჭეშმარიტი საზომი არის არა მხოლოდ ის, თუ როგორ მოიპოვებ ძალაუფლებას, არამედ როგორ გადასცემ მას სხვას.

ამ წლის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადას დაასრულებს. ისიც, მისი მემკვიდრეც და პრემიერიც დაგვამახსოვრდებიან, როგორც დემოკრატიის მშენებლები. ეს მხოლოდ ერთი ნიშანია იმ ნათელი მომავლისა, რომელიც საქართველოს ელის.

საქართველოს მთავრობამ დაამარცხა კორუფცია და დანაშაული. ვარდების რევოლუციამდე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად მიიჩნევდა. ახლა ამ კუთხით ის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასაც კი უსწრებს. დანაშაული მკვეთრად შემცირებულია. მეტიც - თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია ევროპაში", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

კომენტარები