აგრარული უნივერსიტეტი

აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციის გაუქმების გასაჩივრებას აპირებს

აგრარულ უნივერსიტეტში მიიჩნევენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. როგორც აგრარული უნივერსიტეტის მთავარი იურისტი ლილი ბეგიაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, ისინი აპირებენ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ”ახლა ველოდებით, რომ საბჭომ მოამზადოს დასკვნა თავისი დასაბუთებით და როგორც კი გადმოგვცემენ, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას სასამართლოში”, - აცხადებს ის.

ლილი ბეგიაშვილის თქმით, არცერთი არგუმენტი არ აქვთ აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომელიც აჩვენებს, რომ სტუდენტებს არ აწვდიან ხარისხიან განათლებას. ”ყველა არგუმენტი ასეთია - მაგალითად, როგორ უნდა იყოს ბაინდერები ორგანიზებული, ვისი პირადი საქმე რომელ ბაინდერში უნდა იყოს, მოძებნეს თუ არა რომელიმე პროფესორის პირადი საქმე და ა.შ. ყველა ასეთი დეტალია, რომელსაც განათლების ხარისხთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად, მათი არგუმენტია, რომ აგრარულ უნივერსიტეტს მფლობელებაში არ აქვს ინვენტარი. ეს არის ძალიან აბსურდული და სასაცილო. გარდა ამისა, პროცესები მიმდინარეობდა საშინელი დარღვევით. იქნებოდა ეს პროცესში დაინტერესებული მხარის ჩართვა, თუ სიურპრიზები - საიდუმლოდ დამზადებული დოკუმენტების დახვედრება ჩვენთვის ცენტრში მიგვანიშნებს, რომ ეს არ იყო ნორმალური და კანონიერი პროცესი. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაში განათლების სამინისტროს ეს ერთეული იღებს ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას”, - აცხადებს ლილი ბეგიაშვილი.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ ლეჟავა კი ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ ზეწოლის შედეგად მიიღო. ”გუშინდელი გადაწყვეტილება ჩემთვის არის ფარისევლობის, უწიგნურობის და ბიუროკრატიული ცინიზმის კომბინაცია. იმიტომ რომ იმ დასკვნებს და განცხადებებს, რაც გაკეთდა, არანაირი კავშირი არ აქვს განათლების ხარისხთან, ეს იყო ტექნიკურ დეტალებზე შემოდავება. ეს არ იყო მიზეზი, ეს იყო საბაბი, რომ მიღებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ზეწოლის შედეგად მიიღო საბჭომ, ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ”, - ამბობს ის.

ვახტანგ ლეჟავა ასევე ეხმაურება განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილისა და მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა და არა გაუუქმდა და მათ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.

”განათლების მინისტრი და მისი მოადგილე ან ცდილობენ, რომ შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება, ან თვითონ არიან შეყვანილი შეცდომაში. ამ პრობლემას თვითონ უნდა მოუარონ. ერთ-ერთი მოტივაცია შეიძლება იყოს, რომ ამით ჩააცხრონ სტუდენტების პროტესტი. მე მგონი, არასწორად აფასებენ სტუდენტების მოტივაციას და მათ გონებრივ შესაძლებლობებს. ეს კიდევ უფრო დიდი შეცდომაა”, - აცხადებს ვახტანგ ლეჟავა.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის რექტორმა სხდომაზე ითხოვა, ხარვეზების დადგენის შემთხვევაში, მათთვის გამოსასწორებლად ვადა მიეცათ, რაც საბჭომ არ გაითვალისწინა.

ტაბულა ასევე შეეცადა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მოეპოვებინა კომენტარი. თუმცა, მათთან დაკავშირება შეუძლებელია. ასევე, ტაბულა მეხუთე დღეა ელის ცენტრისგან გადაგზავნილ კითხვებზე პასუხს. მათ შორის, იმაზე, რამდენად შეიძლება, რომ ნებისმიერი ადამიანის საჩივრის საფუძველზე დაიწყონ ასეთი ტიპის შემოწმებები უნივერსიტეტებში, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; რას უპირებენ იმ სტუდენტებს, რომლებმაც აგრარული უნივერსიტეტი აირჩიეს იმიტომ, რომ იქ სწავლის ხარისხი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე უკეთესად მიაჩნიათ; ან იმ სპეციალობის სტუდენტებს, რომელთა სპეციალობები სხვაგან საერთოდ არ ისწავლება (მაგალითად, ვეტერინარია, მეღვინეობა-მევენახეობა), ან ისწავლება მხოლოდ რეგიონებში (აგრარული სპეციალობები).

ტაბულა ასევე დაინტერესებულია, რომ იმ პირობებში, როდესაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში აგრარულში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდა და ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა (ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების მაჩვენებლით, რეიტინგში 37-ე ადგილიდან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა), მათთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა ხომ არ ნიშნავს, რომ შემდეგ ჯერზე აგრარულზე უარესი შედეგების მქონე ბევრ სხვა, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც ჩამოერთმევა ავტორიზაცია.

ტაბულას პასუხი არც იმ კითხვებზე მიუღია, რომელიც ორმაგ სტანდარტებსა და პოლიტიკურ მოტივაციაზე გაჩენილ ეჭვებს შეეხება აგრარულ უნივერსიტეტთან მიმართებით. გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში შემოწმება უჩვეულო დროს, 3 იანვარს დაიწყო, ამგვარი არაგეგმიური შემოწმება პირველად განხორციელდა.

კომენტარები