აგრარული უნივერსიტეტი

ლაშა გოცირიძე: ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელი იყო გონივრულ ვადაში

აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომას ესწრებოდა და მონაწილეობდა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული 80-გვერდიანი დასკვნის განხილვაში, აცხადებს, რომ უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 
"საბჭომ მიიღო სრულიად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა არცერთი შინაარსობრივი არგუმენტი და თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა იმ ტექნიკური უზუსტობებით, რომელსაც სინამდვილეში განათლების ხარისხთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა გოცირიძემ მედიასთან საუბარში. 
აგრარული უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ 2011 წელს საბჭოს იმავე შემადგენლობამ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მიანიჭა, იმ ფონზე, როდესაც იგი იყო "ერთ-ერთი ჩამორჩენილი უნივერსიტეტი საქართველოში", ხოლო ახლა, როდესაც უნივერსიტეტი უფრო განვითარდა, მას ავტორიზაცია შეუჩერეს. ლაშა გოცირიძე აცხადებს, რომ ავტორიზაციის საბჭომ პოლიტიკურ ზეწოლას ვერ გაუძლო და ტექნიკური ხარვეზების გამოსასწორებლად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გონივრული ვადაც კი არ მისცა:
"ამ ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელი იყო გონივრულ ვადაში, საუბარია დაახლოებით ორკვირიან ვადაზე. თუმცა საბჭომ არც ხარვეზის აღმოფხვრის ვადა არ მოგვცა. მიგვაჩნია, რომ საბჭოს ეს გადაყწვეტილება აბსოლუტურად უსაფუძვლო და მეტიც, სამარცხვინოა. როგორც ჩანს, საბჭომ ვერ გაუძლო ხელისუფლების ზეწოლას განათლების სამინისტროს მხრიდან", - აცხადებს გოცირიძე.
რექტორის თქმით, უნივერსიტეტი გეგმავს ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას იმის დასამტკიცებლად, რომ საბჭომ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო.  
ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის პროცესი სემესტრის ბოლომდე ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, დილიდან უნივერსიტეტში უკვე მივიდნენ როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. 
სტუდენტები, რომლებიც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომის პარალელურად აქციას მართავდნენ, არ აპირებენ საპროტესტო გამოსვლების შეჩერებას. მათი გეგმები მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

კომენტარები